Homeბიბლიაახალი აღთქმა

2 კორინთელთა 7

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ

71 ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე.

პავლეს სიხარული ძმების მონანიების გამო

2 შეგვითვისეთ, არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია, არავისგან გვიძებნია გამორჩენა. 3 მსჯავრის დასადებად არ ვამბობ. რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ,  რათა თქვენთან მოვკვდეთ და თქვენთან ვიცოცხლოთ. 4 დიდი ნდობა მაქვს თქვენი, ბევრს ვიკვეხნი თქვენით. აღვსილი ვარ ნუგეშით, გულნაჯერი ვარ სიხარულით, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა.
   5 ვინაიდან, როცა მაკედონიაში მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ – ბრძოლები, შინ – შიში. 6 მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით. 7 და არა მარტო მისი მოსვლით, არამედ აგრეთვე ნუგეშით, რომლითაც ნუგეშცემული იყო იგი თქვენით, როცა გვიამბო თქვენს სიბეჯითეზე, თქვენ ტირილზე, თქვენ თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და, ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე. 8 ამიტომ, თუ კიდეც დაგამწუხრეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კინაღამ ვინანე, ვინაიდან ვხედავ, რომ ამ წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით. 9 ახლა მე ვხარობ არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ დამწუხრდით მოსანანიებლად, რადგან დამწუხრდით ღვთის გულისათვის. ასე, რომ არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან. 10 ვინაიდან ღვთის გულისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი, ხოლო სოფლის წუხილი სიკვდილს წარმოშობს. 11 ვინაიდან იმან, ღვთის გულისათვის რომ დამწუხრდით, დახეთ, რამდენი რამ წარმოშვა თქვენში: როგორი სიბეჯითე, როგორი გამართლება, როგორი გულისწყრომა, როგორ შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი სასჯელი და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში. 12 ამიტომ, თუ კიდეც მოგწერეთ თქვენ, არც შეურაცხმყოფელის გულისათვის და არც შეურაცხყოფილის გულისათვის, არამედ, რათა თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი გამოჩნდეს თქვენში ღვთის წინაშე. 13 და ამიტომ ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით. ხოლო უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რომ თქვენ ყველამ დაამშვიდეთ მისი სული. 14 თუ რამეში დავიკვეხე თქვენს შესახებ მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ. მაგრამ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გელაპარაკებოდით, ისევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი კვეხნა ტიტეს წინაშე. 15 უფრო ძლიერდება მისი სიყვარული თქვენს მიმართ, იხსენებს რა ყველა თქვენგანის მორჩილებას და იმას, რომ მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი. 16 ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.

თავი მეექვსე                                                                                                                                              თავი მერვე

COMMENTS