Home2კორინთელთა

2 კორინთელთა 5

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ

51 რადგან ვიცით, რომ, როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი – კარავი, ღვთისაგან გვაქვს შენობა ცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო. 2 ვინაიდან მართლაც ვოხრავთ და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას, 3 თუ შემოსილნიც შიშვლები არ აღმოვჩნდით. 4 ვინაიდან, მართლაც, ამ კარავში ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლის მიერ. 5 სწორედ ამისათვის შეგვამზადა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სული საწინდრად.
   6 ამიტომ ყოველთვის მხნედა ვართ და ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან, 7 ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით. მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავბინავდეთ. 9 ამიტომ ვცდილობთ კიდეც, აქ ვიქნებით თუ იქ, მისთვის სასურველნი ვიყოთ. 10 ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს.

შერიგების მსახურება
11

და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შთავაგონებთ, ღვთისათვის კი გაცხადებული ვართ. და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც გაცხადებული ვართ. 12 ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ ჩვენს თავს, არამედ საბაბს გაძლევთ მოჰკვეხდეთ ჩვენით, რომ სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც ზერელე იკვეხნის და არა გულით. 13 ვინაიდან თუ გონს გადასულნი ვართ – ღვთისათვის, ხოლო თუ გონიერები – თქვენთვის. 14 ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. 15 ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
   16 ამიტომ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად. თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ. 17 მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია. 18 ყოველივე ღვთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება. 19 იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა სოფელი და არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა. 20 ამრიგად, ჩვენ ელჩები ვართ ქრისტესთვის, და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს. 21 ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.

თავი მეოთხე                                                                                                                                          თავი მეექვსე

COMMENTS