Home2კორინთელთა

2 კორინთელთა 6

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ

61 და ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2 ვინაიდან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე. 3 ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს, 4 არამედ ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი: დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, 5 ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში, 6 სიწმიდეში, ცოდნაში, სახიერებაში, სულიწმიდაში და უანგარო სიყვარულში, 7 ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, მარჯვენისა და მარცხენის სიმართლის იარაღით, 8 დიდებასა და სირცხვილში, გმობით და ქებით, ვითომც მაცდურნი, მაინც ჭეშმარიტნი; 9 როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ! როგორც დასჯილნი, მაგრამ არ ვკვდებით; 10 როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფერში მქონებელნი.
   11 ჩვენი ბაგე გახსნილია თქვენს მიმართ, კორინთელნო, და გაშლილია ჩვენი გული. 12 თქვენ ვიწროთ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენშივეა სივიწროვე. 13 ხოლო ამაზე სამაგიეროდ გეუბნებით, როგორც შვილებს: იყავით თქვენც გაშლილნი.

ცოცხალი ღმერთის ტაძარი

14 ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან? 15 რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? 16 რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. 17 ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით!“ – ამბობს უფალი. „უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. 18 ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.

თავი მეხუთე                                                                                                                                         თავი მეშვიდე

COMMENTS