1 ნეშტთა 22

By
ივნისი 5, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

221 და თქვა დავითმა: „აჰა, უფალი ღმერთის სახლი და აჰა, სრულადდასაწველის სამსხვერპლო ისრაელისათვის.” 2 და ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისათვის, რომელნიც ისრაელის ქვეყნად იყვნენ, და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვები დაეთალათ. 3 დიდძალი რკინა გაიღო დავითმა კარიბჭის ლურსმნებისა და კაუჭების დასამზადებლად, დახარჯულ სპილენძს ხომ წონა არ ჰქონდა. 4 არც ნაძვის ძელებს ჰქონდა თვლა, რადგან ციდონელებსა და ცორელებს მოჰქონდათ დავითისთვის. 5 და თქვა დავითმა: „ჩემი ძე სოლომონი ყმაწვილია და სუსტი, უფლისთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ ყველაფერს მოვამზადებ მისთვის”. და ბევრი გაამზადა დავითმა სიკვდილის წინ. 6 და დაუძახა სოლომონს, თავის ძეს, და უფლისთვის, ისრაელის ღვთისთვის, სახლის აგება უანდერძა. 7 და უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: „შვილო, გულით მეწადა უფლის, ღვთის სახელისთვის სახლი ამეგო. 8 და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ თქმული: ‘ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გაქვს გადახდილი. ამიტომ შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე ქვეყნად ჩემს წინაშე. 9 აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ამიტომაც სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს. 10 ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, და განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელში უკუნისამდე.’ 11 ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, შენი ღვთის სახლი ააშენო, როგორც თქვა უფალმა შენზე. 12 უფალმა მოგცეს აზრი და გონიერება და დაგაყენოს ისრაელზე უფლის, ღვთის რჯულის დასაცავად. 13 მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისათვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი. 14 აჰა, ჩემს სიღარიბეში უფლის სახლისათვის გავამზადე ასიათასი ქანქარი ოქრო, მილიონი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც გავამზადე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო. 15 ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის მცოდნენი. 16 ოქროს, ვერცხლს, სპილენძს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.” 17 და ბრძანა დავითმა, რომ ისრაელის ყველა მთავარი მიხმარებოდა მის ძეს, სოლომონს: 18 „განა თქვენთან არ არის უფალი, ჩვენი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ირგვლივ მშვიდობა? მან ჩემს ხელში ჩაყარა ამ ქვეყნის მკვიდრნი, და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფლისა და მისი ერის წინაშე. 19 ახლა კი გაუხსენით თქვენი გული და სული უფალს, თქვენს ღმერთს. ადექით და დაიწყეთ უფლის, ღვთის საწმიდრის შენება, რათა უფლის აღთქმის კიდობანი და ღვთის ჭურჭლეული უფლის სახელზე აგებულ სახლში გადააბრძანოთ.”

თავი ოცდამეერთე                                                                                                                              თავი ოცდამესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close