HomeUncategorized

1 ნეშტთა 26

ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

261 კარისმცველთა დასები: კორახელთაგან: მეშელემიაჰუ, კორეს ძე, ასაფის ძეთაგან. 2 მეშელემიაჰუს ძენი: ზაქარია – პირმშო, იედიყაელი – მეორე, ზებადიაჰუ – მესამე, იათნიელი – მეოთხე, 3 ყელამი – მეხუთე, იეჰოხანანი – მეექვსე, ელიეჰოყენაი – მეშვიდე. 4 ყობედ-ედომის ძენი; შემაყია – პირმშო, იეჰოზაბადი – მეორე, იოახი – მესამე, საქარი – მეოთხე, ნეთანელი – მეხუთე, 5 ყამიელი – მეექვსე, ისაქარი – მეშვიდე, ფეყულთაი – მერვე, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი. 6 მის ძეს, შემაყიას, ვაჟები შეეძინა, რომელნიც მამისსახლს განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. 7 შემაყიას ძენი: ყოთნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი, მისი ძმანი, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქიაჰუ. 8 ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებითა და ძმებით მაგარი ვაჟკაცები იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა. 9 მეშელემიაჰუს თვრამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა, მაგარი ვაჟკაცები. 10 ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო – თუმცა პირმშო არ ყოფილა – მამამისმა არგუნა მას უფროსობა; 11 ხილკიაჰუ მომდევნო იყო, ტებალიაჰუ – მესამე, ზაქარია – მეოთხე. ხოსას სულ ცამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა. 12 კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს, ჩაბარდათ დაცვა, თავიანთ ძმებთან ერთად, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად. 13 ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით. 14 აღმოსავლეთის მხარე შელემიაჰუს ერგო წილად. მის ვაჟს ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას წილად ჩრდილოეთის მხარე შეხვდა. 15 ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო წილად, მის ძეებს – საკუჭნაოებთან. 16 შუფიმსა და ხოსას დასავლეთის მხარე შეხვდათ, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას. 17 აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით – დღეში ოთხი, სამხრეთით – დღეში ოთხი, საკუჭნაოებთან – ორ-ორი. 18 ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად ფარბართან – ორნი. 19 აჰა. კორესა და მერარის ძეების კარისმცველთა დასები. 20 ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შენაწირი ნივთების საგანძურს დარაჯობდა. 21 ლაყდანის ძენი, გერშონელთა ძენი – ლაყდანისგან. მამისსახლის თავკაცები ლაყდან გერშონელისგან: იეხიელი. 22 იეხიელის ძენი: ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის სახლის საგანძურს დარაჯობდნენ, 23 ყამრამელებთან, იცჰარელებთან, ხებრონელებთან და ყუზიელებთან ერთად. 24 შებუელი ძე გერშომისა, მოსეს ძისა, საგანძურის მთავარი ზედამხედველი იყო. 25 მისი ძმები ელიეზერისგან; მისი ძე რეხაბიაჰუ, მისი ძე იეშაყიაჰუ, მისი ძე იორამი, მისი ძე ზიქრი, მისი ძე შელომითი. 26 ეს შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლის თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს. 27 ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესაკეთებლად. 28 ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველმა, საულ კიშის ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო. 29 იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძენი ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ განწესებულნი მზირებად და მსაჯულებად. 30 ხებრონელთაგან:ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანეს გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისათვის. 31 ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად, თავიანთ მოდგმასა და მამისსახლში, დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გილყადის იაყზერში. 32 მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, ორიათას შვიდასნი იყვნენ – მამისსახლის თიავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მენაშეს ნახევარტომში გაამწესა ღვთის ყველა საქმისთვის და სამეფო საქმისთვის.

თავი ოცდამეხუთე                                                                                                                           თავი ოცდამეშვიდე

COMMENTS