1 ნეშტთა 29

By
ივნისი 9, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

291 და უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: „სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც ღმერთმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფალი ღვთისთვის. 2 რაც შემეძლო, ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: – ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი – ვერცხლის ნივთებისთვის, სპილენძი – სპილენძეულისთვის, რკინა რკინეულისათვის, ძელი ძელეულისათვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და მარმარილოს ლოდები უამრავი. 3 ამასთან ერთად, ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო მაქვს საკუთარი ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული: 4 სამი ათასი ქანქარი ოქრო, ოფირის ოქრო, შვიდი ათასი ქანქარი გამოხურვებული ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად, 5 ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებისთვის, ყველა საოქრომჭედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?” 6 და გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა თავკაცებმა, ისრაელის შტოთა თავკაცებმა, ათასისთავებმა და მეფის მოურავებმა. 7 და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა ოქრო, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა. 8 ვისაც კი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურისთვის იეხიელ გერშონელს ჩააბარეს. 9 ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან მთელი გულით სწირავდნენ უფალს, ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა. 10 და აკურთხა დავითმა უფალი, მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: „კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაელისა, და ჩვენს მამათა, უკუნითი უკუნისამდე! 11 შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე! შენი, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად! 12 სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყოველივეს განდიდება და განმტკიცება. 13 აწ გაქებთ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს. 14 ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით [მოცემული] შემოგწირეთ. 15 ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენს მამათა მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო. 16 უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმრავლე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი. 17 ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარე ხარ. ეს ყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის. 18 უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა, ჩვენს მამათა, სამარადისოდ დაიცავი ეს შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები. 19 და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი მრთელი გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე დავიჭირე თადარიგი.” 20 და უთხრა დავითმა მთელ კრებულს: „აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი!” და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავის მამათა ღმერთი. და დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალსა და მეფეს. 21 მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები, და სრულადდასაწველი აღუვლინეს უფალს: ათასი მოზვერი, ათასი ვერძი, ათასი კრავი, თავისი საღვრელით, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის. 22 იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონი გაამეფეს დავითის ძე. უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს, ხოლო ცადოკი – მღვდლად. 23 და დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის, ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა მას. 24 ყველა მთავარი, მოყმე და მეფე დავითის ყველა ძე დაემორჩილა სოლომონ მეფეს. 25 და დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია. 26 და დავითი, იესეს ძე, მეფობდა მთელ ისრაელზე. 27 და ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, – იერუსალიმში. 28 და მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. და მის ნაცვლად სოლომონი, მისი ძე, გამეფდა. 29 დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მხედველის სიტყვებში, ნათან წინასწარმეტყველის სიტყვებში და გად მხილველის სიტყვებშია აღწერილი 30 მთელს მის მეფობასთან, მის სიქველესთან და იმ ამბებთან ერთად, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყანათა სამეფოებს გადახდა.

თავი ოცდამერვე                                                                                                                                           2 ნეშტთა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close