1 ნეშტთა 17

By
ივნისი 4, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

171 როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა ნათან წინასწარმეტყველს: „შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ფარდებსქვეშ არის.” 2 უთხრა ნათანმა დავითს: „ყოველივე, რაც გულში გაქვს, გააკეთე: რადგან შენთანაა უფალი.” 3 იმ ღამეს იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა: 4 „წადი, უთხარი ჩემს მსახურს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად? 5 მე ხომ არ ვიმყოფებოდი სახლში იმ დროიდან, რაც ისრაელი გამოვიყვანე, და დღემდე, კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვარ. 6 ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისათვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?’ 7 ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლი ყოფილიყავი. 8 ყველგან შენთან ვიყავი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე. განვადიდე შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე. 9 ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად. 10 იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ერს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი. 11 და როცა დრო მოვა და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომ შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ. 12 ის ამიშენებს სახლს და მე განვამტკიცებ მის ტახტს უკუნისამდე, 13 მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი. 14 და დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში უკუნისამდე, მყარი იქნება მისი ტახტი უკუნისამდე,” 15 თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს. 16 და მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: „ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო? ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე? 17 ესეც მცირე გეჩვენა თვალში, ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვამ დაპირებას შენი მსახურის სახლს. შენ მიმზერ, როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო ღმერთო ჩემო. 18 კიდევ რა უდნა გითხრას დავითმა, შენი მსახურის დიდებისათვის? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო. 19 უფალო, შენი მსახურისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოაცხადო მთელი შენი სიდიადე. 20 უფალო, არავინაა შენი მსგავსი. არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ. 21 თუ არის ამ ქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის, მსგავსი, რომელსაც მოვლენოდეს ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდოს იგი, რომ ექციოს თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადოს და ჩაედინოს დიადი და საკვირველი ამბები, ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტიდან და ხალხებისაგან? 22 შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო უკუნისამდე და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი. 23 ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მსახურზე და მის სახლზე, განმტკიცდეს უკუნისამდე, და ქენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს. 24 განმტკიცდეს და იდიდოს შენმა სახელმა უკუნისამდე. თქვან: ‘უფალი, ღმერთი ისრაელისა ღმერთობს ისრაელზე!’ მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მსახურის დავითის სახელი, 25 რადგან შენ გამოუცხადე, ღმერთო, შენს მსახურს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მსახურს ელოცა შენს მიმართ. 26 ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და სასიკეთოდ ელაპარაკე შენს მსახურს. 27 ახლა შენ დალოცე შენი მსახურის სახლი, რათა საუკუნოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება საუკუნოდ.”

თავი მეთექვსმეტე                                                                                                                         თავი მეთვრამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close