1 მეფეთა 30

მაისი 11, 2015

ძველი აღთქმა
1 მეფეთა

301 და ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე, არვინ მოუკლავთ, მხოლოდ ტყვედ წაასხეს და წავიდნენ თავიანთი გზით. 2 და მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ: გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ არის წაყვანილი. 3 და გამართეს მოთქმა დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ, ვიდრე ძალი შესწევდათ. 4 ტყვედ იყვნენ წაყვანილი დავითის ორი ცოლიც – იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი. 5 და დამწუხრდა დიდად დავითი, რადგან მისი ჩაქოლვა განიზრახა ხალხმა. გამწარებული იყო ხალხი თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო. მაგრამ უფლის, თავისი ღვთის, იმედით გაიმხნევა დავითმა თავი. 6 და უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: “მომიტანე ეფოდი!” და მიუტანა აბიათარმა ეფოდი დავითს. 7 და დაეკითხა დავითი უფალს: “დავედევნო იმ ურდოს, მივეწევი?” და უთხრა: “დაედევნე, დაეწევი და წაართმევ.” 8 და წავიდა დავითი ექვსასი კაცითურთ და მიადგნენ ბესორის ხევს. დაღლილები კი იქ დარჩნენ. 9 და დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ. დარჩა ორასი კაცი, რომელთაც დაღლილობის გამო ვერ შეძლეს ბესორის ხევის გადალახვა. 10 იპოვეს მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი და მიიყვანეს დავითთან, და მისცეს პური და შეჭამა, და წყალიც დაალევინეს. 11 და მისცეს ლეღვის ჩირის აცმის ნაწილი და ორი მტევანი ჩამიჩი. და შეჭამა კაცმა და მოსულიერდა. რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო. 12 და უთხრა მას დავითმა: “ვისი ხარ და სადაური ხარ?” თქვა: “ეგვიპტელი ყრმა ვარ, ერთი ყამალეკელის მსახური. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან მესამე დღეა ავად ვარ. 13 ჩვენ დავარბიეთ ქერეთის სამხრეთი, და იუდას მხარე, ქალების სამხრეთი, ციკლაგი კი გადავწვით.” 14 და უთხრა დავითმა: “თუ მიმიყვან იმ ურდომდე?” თქვა: “ღმერთი შემომფიცე, რომ არ მომკლავ და ჩემს ბატონს არ მიმცემ, და ჩაგიყვან იმ ურდომდე.” 15 და ჩაიყვანა. და აჰა, გაფანტულან მთელს არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო. 16 და მუსრავდა მათ დავითი დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე. არავინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ. 17 და უკან დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც წაღებული ჰქონდა ყამალეკს. თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა. 18 და არაფერი დაჰკარგვიათ, არც მცირე, არც დიდი. არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან – მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ ყამალეკელთ. ყველაფერი დაიბრუნა დავითმა. 19 და წამოასხა დავითმა მთელი ცხვარი და ძროხა. და მოერეკებოდნენ ამ საქონელს თავიანთი პირუტყვის წინ და ამბობდნენ: დავითის ნადავლიაო ეს. 20 და მივიდა დავითი იმ ორას კაცთან, რომელთაც ვერ შეძლეს გაჰყოლოდნენ დავითს და ბესორის ხევთან დატოვა. და გამოვიდნენ ისინი დავითისა და მასთან მყოფი ხალხის მისაგებებლად. და მივიდა დავითი ამ ხალხთან და მოიკითხა. 21 ასე ამბობდა ზოგიერთი ბოროტი და უგვანი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული: “რაკი არ წამოგვყვნენ, ნურაფერს გავუნაწილებთ ნადავლიდან, ჩვენ რომ დავიბრუნეთ უკან. მხოლოდ თავ-თავისი ცოლ-შვილი წაასხან და წავიდნენ.” 22 და თქვა დავითმა: “ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა. 23 ვინ დაგეთანხმებათ ამ საქმეზე? რადგან რა წილიც ნაბრძოლებ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს ბანაკთან დარჩენილს. თანაბრად უნდა გაინაწილონ” 24 ასე იყო იმ დღიდან და მერეც. ეს დაადგინა წესად და რჯულად ისრაელისათვის დღესამომდე. 25 და მივიდა დავითი ციკლაგში, და ჩამოურიგა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს, და შეუთვალა: “აჰა, წყალობა თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან.” 26 მათთვის, ვინც ბეთელში იყვნენ, ვინც სამხრეთის რამოთში იყვნენ, ვინც იათირში იყვნენ, 27 ვინც ყაროყერში იყვნენ, ვინც სიფმოთში იყვნენ, ვინც ეშთემოაყში იყვნენ, 28 ვინც რაქალში იყვნენ, ვინც იერახმეელელთა ქალაქებში იყვნენ, ვინც კინელთა ქალაქებში არიან, 29 ვინც ხორმაში არიან, ვინც ქორ-ყაშანში არიან, ვინც ყათაქში იყვნენ, 30 ვინც ხებრონში იყვნენ – ყველა ადგილისთვის, სადაც კი დავითსა და მის კაცებს უვლიათ. 31 და გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელებს, და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი.
თავი ოცდამეცხრე                                                                                                                 თავი ოცდამეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close