ძველი აღთქმა
1 მეფეთა
171 და შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი, და შეიკრიბნენ იუდეის სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში, 2 ხოლო საული და ისრაელი შეიყარნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, და დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად. 3 ფილისტიმელები ერთი მთის ფერდობზე იდგნენ, ისრაელიანები – მეორე მთის ფერდობზე. და ღელე იყო მათ შორის. 4 და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე. 5 და თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და ჯაჭვის ჯავშანი ემოსა. და ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო. 6 ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა და მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული. 7 და მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო. შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა, წინ ფარის მტვირთველი მოუძღოდა. 8 და მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: „რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, ან თქვენ საულის მსახურნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. 9 თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მსახურები გავხდებით. თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდით მსახურებად და გვემსახურეთ.” 10 და თქვა ფილისტიმელმა: „სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს.” 11 და გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელმა ფილისტიმელის სიტყვები, და დაფრთხნენ და შეშინდნენ მეტისმეტად. 12 დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დღეებში მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული. 13 და წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ვაჟიშვილი. ომში წასული მისი ვაჟიშვილების სახელები იყო: პირმშოსი – ელიაბი, მომდევნოსი – აბინადაბი, მესამესი – შამა. 14 დავითი კი მათზე უმცროსი იყო. და წაჰყვა სამი უფროსი საულს. 15 ხოლო დავითი მოდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა ემწყემსა მამამისის ფარა ბეთლემში. 16 და გამოდიოდა ის ფილისტიმელი დილით და საღამოთი და ასე ცხადდებოდა ორმოცი დღე. 17 და უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: „აიღე ეს ერთი ეფა ხალი. ეს ათი პური, და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში. 18 ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე. მოიკითხე მშვიდობით შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი.” 19 საული და ისინი და მთელი ისრაელი მუხნარის ველზე იდგნენ და ემზადებოდნენ ფილისტიმელებთან საომრად. 20 დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი ყარაულს დაუტოვა, აიკიდა ტვირთი და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა მისთვის ნაბრძანები, და მიადგა ბანაკს, როცა ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას სცემდა. 21 და დაეწყვნენ რაზმებად ერთმანეთის პირისპირ ისრაელი და ფილისტიმელები. 22 და ჩააბარა დავითმა თავისი ტვირთი ბანაკის ყარაულს და მიაშურა რაზმს. და მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები. 23 მათთან ლაპარაკში იყო, რომ გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, ფილისტიმელი გათელი, და წინანდებურად იწყო ლაპარაკი. და ყველაფერი მოისმინა დავითმა. 24 როგორც კი დაინახეს ეს კაცი, გაიქცნენ მისგან ისრაელის ძენი, რადგან შეშინდნენ მეტისმეტად. 25 და ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელის ძენი: „ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზატებს ისრაელში.” 26 და უთხრა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს: „რა ბედი ეწევა კაცს, ვინც ამ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? რადგან ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ცოცხალი ღვთის რაზმებს?” 27 უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევა კაცს, ვინც მას დაამარცხებსო. 28 და გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, და უთხრა: „რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი, რადგან ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული.” 29 და თქვა დავითმა: „რა გავაკეთე ახლა? მხოლოდ სიტყვა ვთქვი.” 30 და სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იკითხა იგივე ამბავი. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს. 31 და გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს, და მოაყვანინა იგი. 32 და უთხრა დავითმა საულს: „ნურავის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მსახური და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.” 33 და უთხრა საულმა დავითს: „ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ყმაწვილი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმიდანვე.” 34 და უთხრა დავითმა საულს: „მწყემსავდა შენი მსახური თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, 35 გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. 36 ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.” 37 და თქვა დავითმა: „უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან.” და უთხრა საულმა დავითს: „წადი, უფალი იყოს შენთან!” 38 და შემოსა საულმა დავითი თავისი საკუთარი სამოსელით, თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა. 39 და შემოირტყა მახვილი დავითმა სამოსელს ზემოდან და იწყო სიარული, რადგან ნაჩვევი არ იყო. და უთხრა დავითმა საულს: „არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი.” და ჩამოიხსნა ისინი დავითმა. 40 და აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. და შურდულით ხელში გავიდა ფილისტიმელთან. 41 და გამოვიდა ფილისტიმელიც და წავიდა დავითისაკენ. წინ ფარისმტვირთველი მიუძღოდა. 42 და დაინახა ფილისტიმელმა დავითი და სასაცილოდ აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც. 43 და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან.” და დაწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით. 44 და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს მივცე შენი გვამი.” 45 და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. 46 დღეს ჩაგაგდებს უფალი ჩემს ხელში და დაგამარცხებ, და თავს მოგაცლი, ფილისტიმელთა ბანაკის გვამებს კი ცის ფრინველთ და მიწის მხეცებს მივცემ დღეს, და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. 47 და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი, და ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს.” 48 როცა აღიმართა ფილისტიმელი და მოახლოვდა დავითთან შესახვედრად, ისწრაფა დავითმა და გაიქცა მწყობრისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად. 49 და ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს. და შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი. 50 და სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით. დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. და მახვილი არ სჭერია დავითს ხელში. 51 და მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს. და აიღო მისი მახვილი, ქარქაშიდან იშიშვლა და მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ. 52 მაშინ აღდგნენ ისრაელისა და იუდას მებრძოლები და ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე, ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე. 53 და მობრუნდნენ უკან ისრაელის ძენი ფილისტიმელთა მდევრიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი. 54 და აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და წაიღო იერუსალიმში, მისი საჭურველი კი თავის კარავში დააწყო. 55 როცა დაინახა საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გასული დავითი, უთხრა აბნერს, მხედართმთავარს: „ვისი შვილია ეს ყმაწვილი, აბნერ?” და უთხრა აბნერმა: „შენს სიცოცხლეს გეფიცები, არ ვიცი, მეფეო.” 56 თქვა მეფემ: „იკითხე, ვისი შვილია ეს ჭაბუკი.” 57 და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ და ხელი მოჰკიდა მას აბნერმა და წარუდგინა საულს. და ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა. 58 უთხრა საულმა: „ვისი შვილი ხარ, ყმაწვილო?” უთხრა დავითმა: „შენი მსახურის, იესეს შვილი ვარ, ბეთლემელის.”
COMMENTS