HomeUncategorized

1 მეფეთა 21

ძველი აღთქმა
1 მეფეთა
211 და ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა. და მივიდა დავითი ნობში ახიმელექ მღვდელთან. და შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და უთხრა მას: „მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?” 2 და უთხრა დავითმა ახიმელექ მღვდელს: „საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: ‘არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ.’ ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავტოვე მსახურები. 3 და ახლა, რაც ხელთ გაქვს, მომეცი, ხუთი პური ან რაც მოგეძევება.” 4 და მიუგო მღვდელმა დავითს და უთხრა: „უბრალო პური არა მაქვს ახლა, მხოლოდ წმიდა პური მაქვს, ოღონდ ქალებისგან თუ არიან მარხულნი ჭაბუკები?” 5 მიუგო დავიდმა მღვდელს და უთხრა: „ნამდვილად აღკვეთილია ჩვენთვის ქალი გუშინდლიდან, გუშინწინიდან, რაც გამოვედი, და ჭაბუკთა ჭურჭლებიც წმიდაა. ეგ პურიც უბრალოდ ჩაითვლება, რადგან დღეს მაინც ახალი უნდა განიწმიდოს ჭურჭელში.” 6 და მისცა მას მღვდელმა წმიდა პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საწინაშეო პურებისა, რომლებიც აეღოთ უფლის სახლიდან, რომ მის ნაცვლად თბილი პურები დაეწყოთ. 7 და იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მსახურთაგანი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების უფროსი. 8 და უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არ გაქვს სადმე შუბი ან მახვილი, რადგან არც მახვილი წამომიღია და არც სხვა რამ საჭურველი, ისე სასწრაფო იყო სამეფო საქმე.” 9 და უთხრა მღვდელმა: „იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხნარის ველზე რომ დაამარცხე. აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული; თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს.” და თქვა დავითმა: „ამას არაფერი შეედრება, მომეცი.” 10 და ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მივიდა აქიშთან, გათის მეფესთან. 11 უთხრეს აქიშს მსახურებმა: „ეს დავითი არ არის იმ ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: ‘საულმა სძლია ათასებს, დავითმა – ათი ათასებს?’” 12 და გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა. 13 და სახე შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა. 14 და უთხრა აქიშმა თავის მსახურთ: „ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი, რისთვის მოიყვანეთ ჩემთან? 15 შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგიყვანიათ და გიჟობს ჩემს წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?” 16 და წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. და გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ იქ.
თავი მეოცე                                                                                                                                          თავი ოცდამეორე

COMMENTS