ძველი აღთქმა
1 მეფეთა
31 ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ყელისთან. უფლის სიტყვა ძვირი იყო იმ დღეებში. ხილვები არ იყო ხშირი. 2 ერთხელ ყელი თავის ადგილზე იწვა; თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა. 3 ღვთის კანდელი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი და სამუელს უფლის სახლში ეძინა, სადაც ღვთის კიდობანი იდგა. 4 დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: „აჰა, აქა ვარ.” 5 და მიირბინა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.” უთხრა: „არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი.” ისიც წავიდა და დაწვა. 6 კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.” უთხრა: „არ დამიძახნიხარ, შვილო. წადი, დაწექი.” 7 ჯერ კიდევ ვერ სცნობდა სამუელი უფალს, ჯერ კიდევ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა. 8 მესამე გზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.” მიხვდა ყელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს. 9 უთხრა ყელიმ სამუელს: „წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს-თქო შენი მსახური.” წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე. 10 მოვიდა უფალი და დადგა, კვლავ დაუძახა წინანდებურად: „სამუელ, სამუელ!” უთხრა სამუელმა: „ბრძანე, რადგან გისმენს შენი მსახური.” 11 უთხრა უფალმა სამუელს: „ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ ყოველ მის მსმენელს ორთავე ყური გაუყრუვდეს. 12 იმ დღეს თავიდან ბოლომდე აღვასრულებ ყელიზე ყველაფერს, რაც მის სახლზე წარმოვთქვი. დავიწყებ და დავასრულებ. 13 ხომ გამოვუცხადე, რომ უკუნისამდე დავსჯიდი მის სახლს უკეთურების გამო, რადგან იცოდა, რომ თავს ირცხვენდნენ მისი შვილები და არ ამხილებდა მათ. 14 ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლს, არც მსხვერპლით და არც პურეულის ძღვენით არ გამოისყიდება-მეთქი უკუნისამდე ყელის სახლის უკეთურება.” 15 დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი, ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ყელისთვის ეს ხილვა. 16 და დაუძახა ყელიმ სამუელს და უთხრა: „სამუელ, შვილო!” მიუგო: „აჰა, აქა ვარ.” 17 უთხრა ყელიმ: „რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.” 18 უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაუმალავს მისთვის. თქვა ყელიმ: „უფალი ყოფილა, ქმნას, რაც ენებოს.” 19 იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. არ გაცუდებულა არც-ერთი მისი სიტყვა. 20 შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბეერ-შებაყამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველად იქნა დამტკიცებული. 21 კვლავ ცხადდებოდა შილოში უფალი მას შემდეგ, რაც მოევლინა უფალი სამუელს შილოში უფლის სიტყვის მეშვეობით.
COMMENTS