სულიერი სიმწიფე ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 4:13-15
ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით, არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.

კოლოსელთა 2:2
ვიბრძვი იმისთვის, რომ ინუგეშონ მათმა გულებმა, რომლებიც შეერთებულნი არიან სიყვარულში, რათა მოიხვეჭონ სრული გაგების სიმდიდრე ღმერთის, ქრისტეს საიდუმლოს შესაცნობად,

ებრაელთა 12:2
და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

კოლოსელთა 2:6-7
ამიტომ როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა, და გარდამეტებული მადლიერებით.

რომაელთა 15:14
და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსენი ხართ სიკეთით და ყოველგვარი ცოდნით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება.

1 კორინთელთა 2:6
ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან,

1 კორინთელთა 14:20
ძმებო! ნუ იქნებით გონებით ბავშვები, არამედ ბოროტებისთვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი – ზრდასრულნი.

ეფესელთა 1:16-18
არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში, რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;

კოლოსელთა 1:9-10
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

1 კორინთელთა 3:1-3
ხოლო მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში. რძეს გაძლევდით სასმელად და არა საჭმელს, რადგან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის მიღება და არც ახლა ძალგიძთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ დღემდე შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანთა ჩვეულებისამებრ არ იქცევით?

გალატელთა 5:22-23
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

ეფესელთა 4:22-24
რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება, და განიახლოთ თქვენი გონება სულით, და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.

ფილიპელთა 1:9-11
და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივეს აღქმაში. რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და უმანკონი ქრისტეს დღეს. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.

2 თესალონიკელთა 1:3
ვალდებულნი ვართ ძმებო, მარადის ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, რაც შესაფერია კიდეც, რადგან სულ უფრო იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება თითოეული თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

კოლოსელთა 4:12
მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.

2 პეტრეს 3:17-18
თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!

რომაელთა 15:1
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.

გალატელთა 6:1-2
ძმებო! თუნდაც ჩავარდეს კაცი რომელიმე შეცოდებაში, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით; ყველამ თავის თავზე იფხიზლოს, რომ არ ჩავარდეს განსაცდელში. ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.

ფილიპელთა 3:13-15
ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ – ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა. ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში. ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.

ლუკას 8:14
ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.

2 კორინთელთა 7:1
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისგან და ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე.


მსგავსი თემები:

ღვთის ნების ცოდნა       ზრდა