Home1კორინთელთა

1 კორინთელთა 14

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
ენები და წინასწარმეტყველება

141 ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ. 2 ვინაიდან, ვინც ენით ლაპარაკობს, ის ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის. რადგან სულით ლაპარაკობს იგი საიდუმლოებებს. 3 ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად. 4 ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. 5 მე მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით. და უფრო მეტად, რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აღშენდეს.
   6 ახლა კი, ძმანო, თუ მოვალ თქვენთან და ვილაპარაკებ ენებით, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ან მოძღვრებით? 7 ასევე უსულო საგნები, რომლებიც ხმას გამოსცემენ – სტვირი ან ებანი, თუ ხმებში არ იძლევიან განსხვავებებს, როგორც შეიცნობა, რას უკრავენ სტვირზე ან ებანზე. 8 საყვირიც თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად? 9 ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკევი? ჰაერში ილაპარაკებთ. 10 მაგალითად, რამდენი განსხვავებული სიტყვაა სოფელში და მათგან არც ერთ არ არის უმნიშვნელო. 11 ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე – უცხო ჩემთვის. 12 ასევე თქვენც, როცა ეშურებით სულიერ ნიჭებს, ეცადეთ იუხვოთ ეკლესიის აღსაშენებლად. 13 ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ, რათა განმარტოს კიდეც. 14 ვინაიდან, როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა. 15 მაშ, რა ვქნათ? ვილოცებ სულით და გონებითაც ვილოცებ. ვიგალობებ სულით და გონებითაც ვიგალობებ. 16 ვინაიდან, თუ სულით აკურთხებ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე უმეცართაგანი ვინმე, თუ არ ესმის, რას ამბობ შენ? 17 აი, შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება. 18 ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. 19 მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი სიტყვა – ენებით.
   20 ძმანო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის გახდით ბავშვები, გონებისათვის კი სრულწლოვანნი იყავით. 21 რჯულში სწერია: „სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს და მაინც არ მომისმენენ მე, ამბობს უფალი.“ 22 ამიტომ ენა მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. და წინასწარმეტყველება ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის. 23 და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხართო? 24 მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის, 25 და ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარულნი. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენ შორის არის ღმერთი.

წესრიგისათვის
26

მაშ, რაღა, ძმანო? როცა თქვენ იკრიბებით, ყოველს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად. 27 თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი-დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს. 28 თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს. 29 წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ. 30 თუ სხვას გამოეცხადება იქ მჯდომთაგანს, პირველი გაჩუმდეს, 31 ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს. 32 წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ. 33 ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა.
როგორც წმიდათა ყველა ეკლესიაში. 34 დედაკაცებმა იყუჩონ ეკლესიებში, რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად იყვნენ, როგორც რჯულიც ამბობს. 35 ხოლო თუ რამის შესწავლა სურთ, ჰკითხონ თავიანთ ქმრებს სახლში. ვინაიდან სამარცხვინოა დედაკაცისათვის ეკლესიაში ლაპარაკი. 36 განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?
   37 თუ ვინმეს თავი წინასწარმეტყველი ეგონოს, ანდა სულიერი, დაე, გაიგოს, რომ რასაც მე თქვენ გწერთ, უფლის მცნებაა. 38 ხოლო თუ ვინმე უვიცია, უვიცი იყოს. 39 მაშ, ასე, ძმანო, ეშურეთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ. 40 ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს.

თავი მეცამეტე                                                                                                                             თავი მეთხუთმეტე 

COMMENTS