სოლომონის ცხოვრება ბიბლიური ციტატები

2 მეფეთა 12:23-24
ახლა მკვდარია იგი, რაღად ვიმარხულო? განა შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავალ მასთან და ის კი აღარ დამიბრუნდება”. ნუგეში სცა დავითმა ბათ-შებაყს, თავის ცოლს, მივიდა და დაწვა მასთან; ძე გაუჩინა მან და უწოდა სოლომონი. და შეიყვარა იგი უფალმა.

3 მეფეთა 1:11-15
უთხრა ნათანმა ბათ-შებაყს, სოლომონის დედას: „გაიგე, რომ გამეფდა ადონია ხაგითის ძე? ჩვენმა ბატონმა დავითმა კი არაფერი იცის. ახლა, მოდი, რჩევას მოგცემ, უშველე საკუთარ თავსა და სოლომონს, შენს შვილს. წადი, შედი მეფე დავითთან და უთხარი: განა შენ არ იყავი მეფევ, ჩემო ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს, სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე! მაშ რატომ გამეფდა-თქო ადონია? აჰა, ჯერ კიდევ მეფესთან ლაპარაკში იქნები, რომ მეც შემოვალ და დავადასტურებ შენს ნათქვამს”. შევიდა ბათ-შებაყი მეფესთან საწოლ ოთახში; ძალიან მოხუცებული იყო მეფე, აბიშაგ შუნამელი ემსახურებოდა მას.

3 მეფეთა 1:32-35
თქვა მეფე დავითმა: „დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს და ბენაია იეჰოიადაყის ძეს”. და წარსდგნენ მეფის წინაშე. უთხრა მათ მეფემ: „დაიმგზავრეთ თქვენი ბატონის მსახურები, ჩემს ჯორზე შესვით ჩემი ძე, სოლომონი და გიხონში ჩაიყვანეთ. იქ სცხონ იგი ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა ისრაელის მეფედ; მერე ჩაჰბერეთ საყვირს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა! მერე ამოჰყევით, მოვიდეს, დაჯდეს ჩემს ტახტზე და იმეფოს ჩემ ნაცვლად; ის დავადგინე მე, ისრაელისა და იუდას მთავრად!”

3 მეფეთა 1:38-43
გამოვიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფერეთელნი, შესვეს სოლომონი მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს. აიღო ცადოკ მღვდელმა კარვიდან ზეთის რქა და სცხო სოლომონს. ჩაჰბერა საყვირს და დაიძახა მთელმა ხალხმა: „იცოცხლოს მეფე სოლომონმა!” უკან გაჰყვა მთელი ხალხი სოლომონს, სტვირებს უკრავდნენ და ხარობდნენ დიდი სიხარულით. მიწა ირყეოდა მათი ყიჟინისგან. პურობას ამთავრებდნენ, რომ შემოესმათ ადონიასა და მის სტუმრებს ყიჟინა. გაიგონა იოაბმა ბუკის ხმა და იკითხა: „რატომ ხმაურობს ქალაქი?” ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის ძე; უთხრა ადონიამ: „მოდი, მამაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს”. მიუგო იონათანმა ადონიას: „არა, სოლომონი გაამეფა ჩვენმა ბატონმა, მეფე დავითმა,

3 მეფეთა 2:1-4
მოახლოვდა დავითის გარდაცვალების დღე. უბრძანა სოლომონს, თავის ძეს და უთხრა: „მიწის ყოველი მკვიდრის გზით მივდივარ, ამიტომ გაძლიერდი და კაცი იყავი. დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ; რათა აღასრულოს უფალმა ყველა სიტყვა, რომელიც აღმითქვა: თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს გზებს, რომ იარონ ჩემ წინაშე ჭეშმარიტებით, მთელი გულითა და გონებით, მაშინ არ ამოგეძირკვებაო შთამომავალი ისრაელის ტახტზე!

3 მეფეთა 2:13-25
დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ფრიად განმტკიცდა მისი მეფობა. მივიდა ადონია ხაგითის ძე ბათ-შებაყთან, სოლომონის დედასთან; ჰკითხა ბათ-შებაყმა: „მშვიდობით მოხვედი?” მიუგო: „მშვიდობით”. თქვა: „სიტყვა მაქვს შენთან”. უთხრა ბათ-შებაყმა: „ილაპარაკე”. უთხრა: „იცი, რომ ჩემი იყო სამეფო; მთელმა ისრაელმა მე მომაპყრო თვალი, რომ მეფედ დავმჯდარიყავი, მაგრამ შეტრიალდა სამეფო და ჩემს ძმას ერგო, რადგან მისთვის ჰქონდა უფალს მიცემული”. ახლა ერთი რამ უნდა გთხოვო და უარს ნუ მეტყვი!” მიუგო ბათ-შებაყმა: „ილაპარაკე”. თქვა ადონიამ: „მიშუამდგომლე მეფე სოლომონთან, შენ უარს არ გეტყვის, აბიშაგ შუნამელი მომცეს ცოლად”. უპასუხა ბათ-შებაყმა: „კეთილი, გადავცემ შენს თხოვნას მეფეს”.  მივიდა ბათ-შებაყი მეფე სოლომონთან, რათა ადონიაზე დალაპარაკებოდა. ადგა მეფე მის შესახვედრად, თაყვანი სცა და კვლავ თავის ტახტზე დაჯდა. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და დაჯდა მის მარჯვნივ. უთხრა სოლომონს: „ერთ მცირე სათხოვარს ვითხოვ შენგან და უარს ნუ მეტყვი”. მიუგო მეფემ: „მთხოვე, დედაჩემო, არ გეტყვი უარს”. უთხრა: „ადონიას, შენ ძმას, აბიშაგ შუნამელი მიეცი ცოლად”. მიუგო მეფე სოლომონმა: „რად ითხოვ აბიშაგ შუნამელს ადონიასთვის? და რადგან ჩემი უფროსი ძმაა იგი ბარემ სამეფოც მთხოვე მისთვის; მასთან არიან აბიათარ მღვდელი და იოაბი, ცერუიას ვაჟი”. დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი: „ასე და ასე დამმართოს ღმერთმა და უარესიც, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ადონიას ეს სიტყვები! ახლა, როგორც ჩემი განმამტკიცებელი უფალია ცოცხალი, რომელმაც დამსვა მამაჩემის, დავითის ტახტზე და შეპირებისამებრ მომცა სამეფო სახლი, ისე დღესვე მოკვდება ადონია”. გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაჰკრა და მოკლა ადონია.

3 მეფეთა 4:7
თორმეტი გამგებელი ჰყავდა სოლომონს მთელ ისრაელში, რომლებიც მეფესა და მის სახლეულს სარჩოთი ამარაგებდნენ; თითოეულს წელიწადში ერთი თვე უნდა მოემარაგებინა სარჩოთი მეფე.

3 მეფეთა 4:20-25
ზღვის ქვიშასავით ურიცხვი იყო იუდა და ისრაელი. ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ. მეფობდა სოლომონი ყველა სამეფოზე – ევფრატის მდინარიდან ფილისტიმელთა ქვეყანამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. ხარკს უხდიდნენ და ემსახურებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სხვა ფქვილი; ათი ბაგაზე და ოცი საძოვარზე გამოკვებილი ხარი. ასი ცხვარი, გარდა ირმებისა, ქურციკებისა, შვლებისა და გამოკვებილი ფრინველებისა. რადგან ის ბატონობდა მდინარის გამოღმა ყველა მიწასა და მეფეზე, თიფსახიდან ღაზამდე; ყოველი მხრიდან მშვიდობა იყო მის ირგვლივ. მშვიდად ცხოვრობდნენ იუდა და ისრაელი, თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირას, დანიდან ბეერ-შებაყამდე, სოლომონის მთელი მეფობის მანძილზე.

3 მეფეთა 5:5-6
და აჰა, ვთქვი, ავაშენებ სახლს უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის, დავითისთვის, უფალს: შენი ძე, ვისაც შენს ნაცვლად დავსვამ ტახტზე, ის ააშენებსო ჩემს სახელზე სახლს. ახლა ბრძანე, რომ კედარის ხეები მომიჭრან ლიბანში; ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან და მე მოგცემ შენი მსახურებისთვის გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან იცი, რომ არავის შეუძლია ხის მოჭრა ისე, როგორც ამას, თქვენ, ციდონელნი აკეთებთ”.

3 მეფეთა 6:1
ეგვიპტიდან ისრაელიანთა გა­მოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს, ისრაელზე გამეფების მეოთხე წელს, ზივის (მეორე) თვეს, უფლის ტაძრის მშენებლობა დაიწყო სოლომონმა.

3 მეფეთა 6:14
ააშენა ტაძარი სოლომონმა და დაასრულა.

3 მეფეთა 7:1-3
ცამეტი წლის განმავლობაში აშენებდა სოლომონი თავის სახლს და მთლიანად დაასრულა იგი. ლიბანის ტყიდან მოტანილი ხისგან ააშენა სახლი, სიგრძით ასი წყრთა, სიგანით – ორმოცდაათი და სიმაღლით – ოცდაათი; ოთხ წყება კედარის სვეტებზე იყო შედგმული, კედარისავე ძელები იყო გადებული კედარის სვეტებზე. კედარით იყო გადახურული დარბაზი, ორმოცდახუთ სვეტზე შედგმული, თხუთმეტი სვეტი იდგა თითო რიგში.

3 მეფეთა 7:7-8
სატახტო დარბაზი გააკეთა, სადაც მსჯავრი უნდა გამოეტანა; სამსჯავრო დარბაზის მთელი იატაკი და ჭერი კედარით დაფარა. მეორე ეზო ჰქონდა სახლს, დარბაზის უკან, სადაც სოლომონი ცხოვრობდა და ასევე იყო აგებული საცხოვრებელი სახლი ფარაონის ასულისთვის, რომელიც ცოლად მოიყვანა სოლომონმა.

3 მეფეთა 8:63
სამშვიდობო შესაწირი შესწირა უფალს სოლომონმა: ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი; აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და ყოველმა ისრაელიანმა.

3 მეფეთა 9:15-19
ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და მეფის სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად. ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და ცეცხლით გადაბუგა. დახოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს. ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი, ბაყალათი და თადმორი ქვეყნის უდაბნოში, სამარაგო ქალაქები, რომლებიც სოლომონს ჰქონდა, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა სოლომონს იერუსალიმსა და ლიბანში, და მთელ თავის სამეფოში.

3 მეფეთა 11:1-5
ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი. იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: „ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით. შვიდასი ცოლი ჰყავდა სამეფო გვარიდან და სამასი ხარჭა; და მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა. სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული. მიჰყვა სოლომონი აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს და მილქომს, ყამონელთა სიბილწეს.

3 მეფეთა 11:42-43
ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში და მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი. განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დაიმარხა იგი დავითის, მამამისის ქალაქში, ხოლო მის ნაცვლად მისი ძე, რეხაბყამი გამეფდა.

საქმეები 3:11
და რაკი პეტრესა და იოანეს იყო ჩაჭიდებული, მთელი ხალხი გაკვირვებული მისცვივდა მათ, „სოლომონისად” წოდებულ დერეფანში.