ძველი აღთქმა
3 მეფეთა
3 მეფეთა
11 მოხუცდა მეფე დავითი, ხანში სევიდა, ახურავდნენ სამოსლებს, მაგრამ ვერ თბებოდა 2 და უთხრეს მისმა მსახურებმა: „გამოუძებნონ ჩვენს მეფე-ბატონს ახალგაზრდა ქალწული ქალი, რომ წარდგეს მეფის წინაშე და მოუაროს მას და გვერდში დაუწვეს. მაშინ გათბება ჩვენი ბატონი მეფე.” 3 და დაუწყეს ძებნა ლამაზ ყმაწვილ ქალს მთელს ისრაელში და იპოვნეს აბიშაგ შუნამელი და მიჰგვარეს იგი მეფეს. 4 ძალზე ლამაზი იყო ყმაწვილი ქალი და გახდა იგი მეფის მომვლელი და ემსახურებოდა მას, მაგრამ მეფეს არ შეუცვნია ის. 5 გამედიდურდა ადონია, ხაგითის ძე, და ასე ამბობდა: „მე უნდა ვიმეფო!” გაიჩინა ეტლები და მხედრები. და ორმოცდაათი მალემსრბოლი. 6 და არ უსაყვედურია მამამისს, ასე რატომ იქცევიო? თანაც თვალტანადი ყმაწვილი იყო ადონია. აბესალომის შემდეგ ეყოლა იგი დედამისს. 7 იოაბთან, ცერუიას ძესთან, და აბითარ მღვდელთან ჰქონდა საქმე დაჭერილი და ისინი ეხმარებოდნენ ადონიას. 8 ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმყი, რეყი, და დავითის მოყმენი მხარს არ უჭერდნენ ადონიას. 9 და დახოცა ადონიამ ცხვრები, ხარები, ნასუქალი მოზვრები ზოხელეთის ქვასთან, ყენ-როგელის მახლობლად რომ არის, და მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები, და იუდაელი კაცები, მეფის მსახურნი, 10 ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, და ის მოყმენი, და სოლომონი, თავისი ძმა, არ მოიწვია. 11 და უთხრა ნათანმა ბათ-შებაყს, სოლომონის დედას: „გაიგე, რომ გამეფდა ადონია, ხაგითის შვილი, ჩვენმა ბატონმა დავითმა კი არაფერი იცის? 12 ახლა, მოდი, ერთ რამეს გირჩევ: უშველე თავს და სოლომონს, შენს შვილს. 13 წადი,შედი დავით მეფესთან და უთხარი: ‘განა შენ არ იყავი, მეფე-ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს: შენი ვაჟი სოლომონი იმეფებსო ჩემს შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე? მაშ, რატომ გამეფდა ადონია?’ 14 და აჰა, ვიდრე შენ მეფესთან ლაპარაკში იქნები, მეც შემოვალ და სიტყვას შეგაწევ.” 15 და შევიდა ბათ-შებაყი მეფესთან ოთახში. ძალზე მოხუცი იყო მეფე და აბიშაგ შუნამელი უვლიდა მეფეს. 16 თავი დახარა ბათ-შებაყმა და თაყვანისცა მეფეს. და უთხრა მეფემ: „რა გინდა?” 17 და უთხრა: „ჩემო მეფე-ბატონო, ხომ შეჰფიცე შენს მხევალს უფლის, შენი ღმერთის, სახელით: სოლომონი, შენი ვაჟი, გამეფდებაო ჩემს შემდეგ და დაჯდებაო ჩემს ტახტზე? 18 ახლა, აჰა, ადონია, შენ კი, მეფე-ბატონო, არაფერი გაგიგია. 19 მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვრები, და მოიწვია ყველა უფლისწული, ხოლო აბიათარ მღვდელი, მხედართმთავარი იოაბი, შენი მსახური სოლომონი არ მოუწვევია. 20 შენ კი, ჩემო ბატონო, მეფე ხარ, და შენსკენაა მთელი ისრაელის თვალი, რომ გამოუცხადო, თუ ვინ ავა ჩემი მეფე-ბატონის ტახტზე შენს შემდეგ. 21 თორემ როცა განისვენებს მეფე-ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი გამოვალთ მე და ჩემი შვილი სოლომონი.” 22 და აჰა, ვიდრე ელაპარაკებოდა მეფეს, ნათან წინასწარმეტყველიც მოვიდა. 23 მოახსენეს მეფეს: „აჰა, ნათან წინასწარმეტყველი”. შევიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანისცა მეფეს. 24 და თქვა ნათანმა: „მეფე-ბატონო! შენ თქვი, ადონია გამეფდესო ჩემს შემდეგ და დაჯდესო ჩემს ტახტზე? 25 რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად დახოცა ხარები, მოზვრები და ცხვრები, და მოიწვია ყველა უფლისწული, ჯარის სარდლები, აბიათარ მღვდელი. ახლა იქ არიან და ჭამენ და სვამენ მის წინაშე. გაჰყვირიან: ‘იცოცხლოს მეფე ადონიამ!’ 26 არ მივუწვევივარ არც მე, შენი მსახური, არც ცადოკ მღვდელი, არც ბენაია იეჰოიადაყის ძე, და არც სოლომონი, შენი მსახური. 27 თუ მეფე-ბატონისგან მოდის ეს ბრძანება, რატომ არ გამაგებინე შენს მსახურს, ვინ დაჯდებოდა მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ?” 28 და მიუგო მეფე დავითმა და უთხრა: „ბათ-შებაყს დამიძახეთ!” და შევიდა იგი მეფესთან და წარუდგა მეფეს. 29 და დაიფიცა მეფემ და თქვა: „მოწმე იყოს უფალი, რომელმაც მიხსნა ყველა გაჭირვებიდან, 30 რომ როგორც შემოგფიცე უფლის, ისრაელის ღვთის, სახელით, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება-მეთქი ჩემს შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემს ნაცვლად, ასე გავაკეთებ დღეს”. 31 და მიწამდე დახარა თავი ბათ-შებაყმა, და თაყვანისცა მეფეს და უთხრა: „იცოცხლოს ჩემმა პატრონმა, მეფე დავითმა, საუკუნოდ.” 32 და თქვა მეფე დავითმა: „დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს, და ბენაია იეჰოიადაყის ძეს”. და ისინიც წარდგნენ მეფის წინაშე. 33 და უთხრა მათ მეფემ: „იახლეთ თქვენი ბატონის მსახურნი, შესვით ჩემი შვილი სოლომონი ჩემს ჯორზე და გიხონში ჩაიყვანეთ. 34 და იქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. და ჰკარით ბუკს და გამოაცხადეთ: ‘იცოცხლოს მეფე სოლომონმა!’ 35 და ამოჰყევით მას, მოვა და დაჯდება ჩემს ტახტზე და იმეფებს ჩემს ნაცვლად. ის დავნიშნე მე ისრაელისა და იუდას მთავრად”. 36 და მიუგო ბენაია იეოჰოიადაყის ძემ მეფეს და უთხრა: „ჭეშმარიტად! – ასევე თქვას უფალმა, ჩემი მეფე-ბატონის ღმერთმა. 37 და როგორც ჩემს მეფე-ბატონთან იყო უფალი, ასევე იყოს სოლომონთანაც. ჩემი მეფე-ბატონის დავითის ტახტზე მეტად აღამაღლოს მისი ტახტი.” 38 და ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფერეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს. 39 და გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან რქით ზეთი და სცხო სოლომონს. და ჰკრეს ბუკს და თქვა მთელმა ხალხმა: „იცოცხლოს მეფე სოლომონმა!” თ 40 და უკან ამოჰყვა მთელი ხალხი სოლომონს, და სტვირებს უკრავდა ხალხი და ხარობდა დიდი სიხარულით, მიწა ირყეოდა მათი ყიჟინისაგან. 41 ის იყო მორჩნენ პურობას ადონია და მისი სტუმრები,რომ მოესმათ ეს ყიჟინა. და გაიგონა იოაბმა ბუკის ხმა და თქვა: „რამ აახმაურა ქალაქი?” 42 ჯერ ისევ ლაპარაკობდა და აჰა, მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის შვილი. და თქვა ადონიამ, „მოდი, რადგან ვაჟკაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს”. 43 და მიუგო იოანათანმა ადონიას და უთხრა: „ვაგლახ! სოლომონი გაამეფა ჩვენმა ბატონმა, დავით მეფემ. 44 და გააყოლა მას მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქრეთელები და ფერეთელები და შესვეს იგი მეფის ჯორზე, 45 და მეფედ სცხეს გიხონში ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა; და გამხიარულებულნი ამოვიდნენ იქიდან და შეიძრა ქალაქი. ეს ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ. 46 უკვე ზის სოლომონი სამეფო ტახტზე. 47 და მივიდნენ კიდეც და მიულოცეს მეფის მსახურებმა ჩვენს ბატონს, დავით მეფეს, და უთხრეს: ‘შენს სახელზე მეტად შეამკოს უფალმა სოლომონის სახელი და შენს ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი’. და ქედი მოიხარა საწოლზე მეფემ. 48 ასე თქვა კიდეც მეფემ: ‘კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა თვალხილულს ჩემი ტახტის მემკვიდრე და თვალით მახილვინა.’“ 49 და შეეშინდათ ადონიას სტუმრებს, წამოიშალნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ. 50 ხოლო ადონიამ სოლომონის შიშით სამსხვერპლოს მიაშურა და მოეჭიდა მის რქებს. 51 და შეატყობინეს სოლომონს: „აჰა, შეეშინდა ადონიას მეფე სოლომონის, და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა და ამბობს: ‘შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა, რომ მახვილით არ მოკლავს თავის მსახურს’“. 52 და თქვა სოლომონმა: „თუ წრფელად მოიქცევა, მისი თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე, მაგრამ თუ მზაკვრობა გაივლო გულში, მოკვდება.” 53 და გაგზავნა სოლომონმა ხალხი და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან.მივიდა და თაყვანისცა მეფე სოლომონს; და უთხრა სოლომონმა: „წადი შენს სახლში.”