HomeUncategorized

3 მეფეთა 9

ძველი აღთქმა
3 მეფეთა

91 როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა, 2 მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა. 3 და უთხრა უფალმა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი. მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე, ჩემი თვალი და გული სამარადჟამოდ აქ იქნება. 4 შენ კი, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, წმინდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აღასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს, 5 მაშინ მე განვამტკიცებ შენს ტახტს ისრაელში საუკუნოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის, მითქვამს: არ დაგელევა-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომელი. 6 მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და წესებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, 7 მაშინ მე გავწყვეტ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მას მივეცი, მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემს სახელზე ვაკურთხე, და საიგავოდ და დასაცინად შეიქმნება ისრაელი ხალხთა შორის. 8 ყველა, ვინც ჩაუვლის ამ მაღალ სახლს, გაოგნდება და დაუსტვენს და იტყვის: ‘ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?’ 9 და იტყვიან: ‘რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამები, და მოეჭიდნენ სხვა ღმერთებს, და თაყვანს სცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ. ამის გამო დააწია უფალმა ყველა ეს უბედურება.’“ 10 ოცი წლის თავზე იყო, რომ დაასრულა სოლომონმა ორი სახლის – უფლის სახლის და მეფის სახლის შენება. 11 ხირამი, ცორის მეფე, უგზავნიდა სოლომონს ნაძვისა და კვიპაროსის ხეებს და ოქროს მისი სურვილისამებრ. მაშინ მეფე სოლომონმა მისცა ხირამს ოცი ქალაქი გალილეის მხარეში. 12 და წავიდა ხირამი ცორიდან სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი. 13 და თქვა: „ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ძმაო?” და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა დღემდე. 14 და გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო. 15 ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად. 16 და ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა. და ამოხოცა მისი მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს. 17 და ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი, 18 ბაყალათი და თადმორი, ქვეყნის უდაბნოში, 19 სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში და ლიბანში და მთელ თავის სახელმწიფოში. 20 ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომელიც არ იყო ისრაელის ძეთა მოდგმისა. 21 მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელის ძეთ, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე. 22 ისრაელის ძეთაგან არავისთვის დაუდვია მას ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მსახურებად, მეთაურებად და სარდლებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად. 23 ხუთას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც უძღვებოდნენ მომუშავე ხალხს. 24 ფარაონის ასული ავიდა დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა მას დავითმა. მაშინ ააშენა მან მილო. 25 წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი სრულადდასაწველ და სამშვიდობო მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა, და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე განასრულა სახლი. 26 ხომალდი ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, მეწამული ზღვის ნაპირას, ედომის ქვეყანაში. 27 და გაგზავნა ხირამმა ხომალდით სოლომონის მსახურებთან თავისი მსახურნი, ხომალდის ოსტატები, ზღვის მცოდნენი, 28 და მივიდნენ ისინი ოფირში და წამოიღეს იქიდან ოთხასოცი ქანქარი ოქრო და მოართვეს მეფე სოლომონს.
თავი მერვე                                                                                                                                                თავი მეათე

COMMENTS