HomeUncategorized

ოსია 7

ძველი აღთქმა
ოსია
71 როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურება და სამარიის ბოროტება, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; შემოდის ქურდი, ყაჩაღები დაძრწიან გარეთ! 2 არც უფიქრიათ გულში, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება. ახლა გარემოუცავთ ისინი თავიანთ ავ საქმეებს, აჰა, ჩემს წინაშე არიან. 3 თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით – მთავრებს. 4 მრუშობენ ყველანი ხაბაზის გახურებულ თონესავით, რომელიც ანელებს ცეცხლს, სანამ ახალი ცომი არ გაფუვდება. 5 ჩვენი მეფის დღეს მთავრდება სნეულებანი ღვინის სიმხურვალისაგან, მეფე კი მასხარებისაკენ იწვდის ხელს. 6 რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისაგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით. 7 ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, არავინ მიხმობს მათ შორის. 8 ეფრემი შეერია ხალხებს, გადაუბრუნებელი კოკორივით შეიქნა. 9 უცხო თესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია; ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია. 10 მისი ამპარტავნება ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას. 11 ბრიყვი და უგუნური მტრედივით იქცა ეფრემი; ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან. 12 როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გაფრთხილებულნი იყვნენ თავიანთ კრებულში. 13 ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ! 14 გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინის გულისათვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ. 15 მე დავმოძღვრე, მკლავი გავუმაგრე, ისინი კი ავს მიზრახავენ. 16 მიიქცნენ, არამადლისაკენ; მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო; ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში.
თავი მეექვსე                                                                                                                                                თავი მერვე

COMMENTS