HomeUncategorized

ოსია 12

ძველი აღთქმა
ოსია
121 ეფრემი მწყემსავს ქარს და ხორშაკს ედევნება; დღითიდღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი ეგვიპტეში მიაქვს. 2 დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას. 3 დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა. 4 შეერკინა ანგელოზს და სძლია, ტიროდა და ემუდარებოდა. ბეთლემში გვიპოვის ჩვენ და იქ დაგველაპარაკება. 5 უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი. 6 შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მუდამ. 7 ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს. 8 თქვა ეფრემმა: „აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭე დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოს.” 9 მე, უფალი, ღმერთი ვარ თქვენი ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვების ქვეშ, როგორც დღესასწაულის დღეებში. 10 მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ, და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავურად ვლაპარაკობდი. 11 თუ იყვნენ კერპები გილყადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია ყანის ხნულებში. 12 გაიქცა იაკობი არამის მინდვრებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის; ცოლის გულისთვის იცავდა ფარას. 13 წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული. 14 მწარედ გააჯავრა ეფრემმა თავისი უფალი, ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხვო საქმეებს.
თავი მეთერთმეტე                                                                                                                                  თავი მეცამეტე

COMMENTS