ძველი აღთქმა
ნეემია
121 ესენი იყვნენ მღვდლები და ლევიანები, რომელნიც ამოვიდნენ იერუსალიმს ზერუბაბელ შეალთიელის ძესთან და იესოსთან ერთად: შერაია, იერემია, ეზრა, 2 ამარია, მალუქი, ხატუში, 3 შექანია, რეხუმი, მერემოთი, 4 ყიდო, გინთოი, აბია, 5 მიამინი, მაყადია, ბილგა, 6 შემაყია, იოიარიბი, იედაყია, 7 სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია – ესენი იყვნენ მღვდლების თავკაცები – მათი ძმებისა და იესოს დღეებში. 8 და ლევიანები: იესო, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა. მათანი თავის ძმებთან ერთად ხელმძღვანელობდა სამადლობელო საგალობლებს. 9 და ბაკბუკია და ყუნი თავიანთი ძმებითურთ მოპირდაპირე მხარეს გუშაგობდნენ. 10 და იესომ შვა იოიაკიმი, და იოიაკიმმა შვა ელიაშიბი, და ელიაშიბმა შვა იოიადაყი, 11 და იოიადაყმა შვა იონათანი და იონათანმა – იადუაყი. 12 და იოაკიმის დღეებში მამისსახლთა თავკაცები იყვნენ მღვდლები: სერაიასთან – მერაია, იერემიასთან – ხანანია, 13 ეზრასთან – მეშულამი, ამარიასთან – იეჰოხანანი, 14 მელიქუსთან – იონათანი, შებანიასთან – იოსები, 15 ხარიმთან – ყადნა, მერაიოთთან – ხელკაი, 16 ყიდოსთან – ზაქარია, გინეთონთან – მეშულამი, 17 აბიასთან – ზიქრი, მინიამინის ძე; მოყადიასთან – ფილტაი, 18 ბილგასთან – შამუაყი, შემაყიასთან – იეჰონათანი, 19 და იოარიბთან – მათენაი, იედაყიასთან – ყუზი, 20 სალაისთან – კალაი, ყამოკთან ყებერი, 21 ხილკიასთან – ხაშაბია, იედაყიასთან – ნეთანელი. 22 ლევიანები: ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანის და იადუაყის დღეებში იქნენ მამისსახლის თავკაცები ჩაწერილნი, ხოლო მღვდლები დარიოს სპარსელის მეფობისას. 23 ლევის ძენი, მამისსახლის თავკაცები ჩაწერილნი იქნენ მატიანეთა წიგნში იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე. 24 და ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია და იესო კადმიელის ძე და მათი ძმები, მათივე მოპირდაპირე მხარეს იყვნენ, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის, ბრძანებისაებრ. 25 მათანია, ბაკბუკია, ყობადია, მეშულამი, ტალმონი, ყაკუბი – კარისმცველნი იყვნენ, და ყარაულობდნენ კარიბჭეთა საკუჭნაოებს. 26 ესენი იყვნენ იოიაკიმის იესოს ძის, იოცადაკის ძის დღეებში, და ნეემია განმგებლისა და ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დღეებში. 27 და იერუსალიმის კედლის სატფურებისას დაძებნეს ლევიანები მათ ადგილებში იერუსალიმში მოსაყვანად, რათა ეზეიმათ სატფურება სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით. 28 და შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათის სოფლებიდან. 29 და ბეთ-გილგალიდან, გებაყისა და ყაზმავეთის ველ-მინდვრებიდან, რადგან მგალობლებს სოფლები ჰქონდათ გაშენებული იერუსალიმის სანახებში. 30 და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, და განწმიდეს ხალხი და კარიბჭენი და კედელი. 31 და ავიყვანე იუდას მთავარნი კედელზე, და დავაყენე ორი დიდი მადლისმწირველი გუნდი. ერთი მარჯვენა მხარეს, კედლის თავზე, გაუყვა გზას, სანაგვის კარიბჭისაკენ. 32 და მათ უკან მისდევდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი, 33 და ყაზარია, ეზრა და მეშულამი, 34 იუდა, ბენიამინი, შემაყია და იერემია, 35 და მღვდლების ძეთაგან საყვირებით: ზაქარია იონათანის ძე, შემაყიას ძე, მათანიას ძე, მიქაიას ძე, ზაქურის ძე, ასაფის ძე. 36 და მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნეთანელი, იუდა და ხანანი, ღვთისკაცის, დავითის, სამუსიკო საკრავებით; წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღვოდა. 37 წყაროსთვალის კარიბჭესთან, მათ მოპირდაპირე მხარეს ავიდნენ დავითის ქალაქის კიბეებზე, კედლის ასასვლელთან, დავითის სახლის ზემოდან წყლის კარიბჭემდე, აღმოსავლეთით. 38 მეორე მადლისმწირველი გუნდი მარცხენა მხარეს მიიკვლევდა გზას და მეც და ნახევარი ხალხი მას მივდევდით კედელზე – ღუმელთა გოდოლიდან სქელ კედლამდე. 39 ეფრემის კარიბჭეზე, და ძველ კარიბჭეზე და თევზის კარიბჭეზე, და ხანანელის გოდოლზე, და ასეულის გოდოლზე გავლით ცხვრის კარიბჭემდე; და შედგნენ დილეგის კარიბჭესთან. 40 და დადგა ორივე მადლისმწირველი გუნდი ღვთის სახლში და მეც იქ დავდექი მოხელეთა ნახევრის თანხლებით. 41 და იქ იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია, ხანანია თავიანთი საყვირებით; 42 და აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელეაზარი, ყუზი, იოხანანი, მალქია, ყელამი და ყეზერი; და მგალობლებმა დააგუგუნეს გალობა იეზრახიას ლოტბარობით. 43 და შესწირეს იმ დღეს დიდძალი მსხვერპლი; ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი; ხარობდნენ ქალები და ბავშვებიც. იერუსალიმის სიხარულის ხმა შორს გაისმოდა. 44 იმავ დღეს კაცები მიუჩინეს ოთახებს, განკუთვნილთ საკუჭნაოთათვის, პირველნაყოფთათვის, მეათედისათვის, რათა იქ დაეხვავებინათ ქალაქების ყანებიდან მოტანილი წილი, რომელიც რჯულით იყო დაწესებული მღვდლებისა და ლევიანებისათვის. რადგან ხარობდა იუდა, უყურებდა რა სამსახურად მდგომ მღვდლებსა და ლევიანებს, 45 რომლებიც ასრულებდნენ თავიანთი ღვთის სამსახურს და განწმედის სამსახურს. ასევე იქცეოდნენ მგალობლები და კარისმცველები დავითისა და მისი ძის, სოლომონის, მიერ დადგენილი წესის თანახმად. 46 რადგან ძველთაგან, დავითისა და ასაფის დღეებში იყვნენ განწესებულნი მგალობელთა ლოტბარნი და მაშინვე დაწესდა ღვთის საგალობლები. 47 და მთელი ისრაელი ზერუბაბელის დღეებში და ნეემიას დღეებში აძლევდა წილს დღითი დღე მგალობლებს და კარისმცველებს, ისინი წილს აძლევდნენ ლევიანებს, ლევიანები კი წილს აარონიანებს აძლევდნენ.