ძველი აღთქმა
ნეემია
ნეემია
41 და როცა სანბალატმა გაიგო, რომ კედელს ვაშენებთ, გაცხარდა და ძალიან განრისხდა და მასხრად აიგდო იუდაელები. 2 თავისი ძმებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: „რას შვრებიან ეს საცოდავი იუდაელები? ნუთუ მისცემენ ამის უფლებას? ნუთუ მსხვერპლს შესწირვენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ ქვებს გააცოცხლებენ მტვერ-ბუქის გროვებიდან, რომლებიც დამწვარია?” 3 და ტობია ყამონელმა, რომელიც იყო მასთან, თქვა: „აშენონ რაც უნდათ. იმაზე ერთი მელა რომ შედგეს, ისიც კი დააქცევს მათ ქვის კედელს.” 4 ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან მოძულებული შევიქენით! მათი დაცინვა მათვე მიუბრუნე, და მიეცი ისინი საკიცხელად თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში! 5 და ნუ დაფარავ მათ დანაშაულს; და შენს წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხყოფდნენ ისინი მშენებლებს. 6 და ავაშენეთ ქალაქის კედელი, და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, და ჰქონდა ხალხს საქმის გულმოდგინება. 7 და როცა გაიგეს სანბალატმა და ტობიამ, და არაბებმა, და ყამონელებმა, და აშდოდელებმა, რომ გრძელდებოდა იერუსალიმის კედლების აღდგენა და მისი ბზარების გამთელება, ძალიან გაცხარდნენ. 8 და ყველანი შეითქვნენ, რათა საბრძოლველად მოსულიყვნენ იერუსალიმში და არეულობა ჩამოეგდოთ მასში. 9 და ვლოცულობდით ჩვენი ღვთის მიმართ, და დაცვა გვეყენა მათ წინააღგმდეგ დღე და ღამე. 10 და თქვა იუდამ: „ძალა გამოეცალა ტვირთის მზიდავს, მტვერ-ბუქი კი ბევრია; ჩვენ ვეღარ ავაშენებთ კედელს.” 11 და თქვეს ჩვენმა მტრებმა: „ვერ გაიგებენ და ვერ დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ გავჩნდებით, მუსრს არ გავავლებთ და არ შევაჩერებთ სამუშაოს.” 12 და როცა მათ ახლოს მცხოვრები იუდაელები მოვიდნენ, ბარემ ათჯერ მაინც, გვითხრეს: ყოველი მხრიდან დაგვესხმიანო თავს. 13 და დავაყენე ხალხი დაცემულ ადგილებში, კედლის მიღმა, მოშიშვლებულ ადგილებში, და დავაყენე ხალხი საგვარეულოთა მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით. 14 და შევხედე, ავდექი და ვუთხარი დიდებულებს და მოხელეებს და დანარჩენ ხალხს: „ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ უფალი, დიდი და საშინელი, და იბრძოლეთ თქვენი ძმების, თქვენი ძეების და ასულების, თქვენი ცოლების და სახლ-კარის გულისათვის.” 15 და როგორც კი ჩვენმა მტრებმა გაიგეს, რომ ჩვენ ვიცით მათი ამბავი და, რომ ღმერთმა ჩაშალა მათი განზრახვა, ყველანი დავბრუნდით კედელთან, თითოეული თავის საქმეზე. 16 და იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი ჭაბუკების ნახევარი საქმეს აკეთებდა და მეორე ნახევარს ხელში შუბები, ფარები, მშვილდები ეჭირათ და აბჯარი ემოსათ. მთავრები კი იდგნენ იუდას სახლის უკან. 17 კედლის მშენებლები აშენებდნენ, მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალით იარაღი ეჭირათ. 18 და თითოეულ მშენებელს წელზე მახვილი ერტყა და ისე აშენებდა. მესაყვირე გვერდში მყავდა. 19 და ვუთხარი დიდებულებს, მოხელეებს და დანარჩენ ხალხს: „საქმე დიდია და ვრცელი, ჩვენ კი კედელზე ვართ შემოფანტულნი, ერთმანეთისგან მოშორებით. 20 ამიტომ საიდანაც საყვირის ხმა გაიგონოთ, იქ მოგროვდით ჩვენთან. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის!” 21 ასე ვაკეთებდით საქმეს; ნახევარს კი განთიადიდან ვარსკვლავთა ამოსვლამდე შუბი ეჭირა. 22 მაშინ იყო, რომ ვუთხარი ხალხს: „თითოეულმა თავისი მსახურით ღამე იერუსალიმში გაათიოს. ისე რომ, ღამით მცველი იქნება ჩვენთვის, დღისით კი მუშაკი.” 23 და არც მე და არც ჩემი ძმები, არც ჩემი მსახურნი, არც მცველები, თან რომ დამყვებოდნენ, ტანსაცმელს არ ვიხდიდით; თითოეულს ხელში ეჭირა თავისი მახვილი, მაშინაც კი, როდესაც წყალზე მიდიოდა.
COMMENTS