ისრაელის განახლება ბიბლიური ციტატები

ესაია 11:11-12
იმ დღეს იქნება, რომ უფალი მეორედ გაიწვდის ხელს, რათა გამოისყიდოს თავისი ხალხის ნატამალი, რომელიც აშურსა და ეგვიპტეს, ფათროსსა და ქუშს, ელამსა და შინყარს, ხამათსა და ზღვის კუნძულელებს გადაურჩება.  ნიშანს აამაღლებს ერებისთვის, შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და დაფანტულთ იუდადან – დედამიწის ოთხივე კიდიდან შეაგროვებს.

ეზეკიელი 20:33-38
„ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი ღმერთი, თუ ძლიერი ხელით, მოღერებული მკლავითა და გულისწყრომის გადმოღვრით არ ვიბატონო თქვენზე.  გამოგიყვანთ ხალხებიდან, შეგაქუჩებთ ქვეყნებიდან, სადაც გაიფანტეთ ძლიერი ხელით, მოღერებული მკლავითა და გადმოღვრილი გულისწყრომით;  მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და იქ პირისპირ დაგდებთ მსჯავრს,  როგორც თქვენს მამებს დავადე მსჯავრი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, თქვენც ისე დაგადებთ მსჯავრს! – ამბობს უფალი ღმერთი.  გაგატარებთ კვერთხის ქვეშ და აღთქმის ბორკილებს დაგადებთ.  გამოვაცალკევებ თქვენგან მეამბოხეებსა და დამნაშავეებს ჩემ წინაშე, გამოვიყვან მათი ხიზნობის ქვეყნიდან, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ შემოვლენ. მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!

ეზეკიელი 22:17-22
იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:  „ძეო კაცისავ! ისრაელის სახლი ჩემთვის წიდად იქცა; ყველანი სპილენძივით, კალასავით, რკინასა და ტყვიასავით არიან ბრძმედში, ვერცხლის წიდასავით. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ყველანი წიდად იქეცით, მოგაქუჩებთ შუაგულ იერუსალიმში,  როგორც ვერცხლსა და სპილენძს, რკინას, ტყვიასა და კალას აქუჩებენ ღუმელში, რათა ცეცხლი შეუნთონ გამოსადნობად, ასე მოგაქუჩებთ ჩემს რისხვასა და გულისწყრომაში და დაგდებთ გადასადნობად.  შეგკრებთ, შემოგინთებთ ჩემი წყრომის ცეცხლს და გადადნებით.  როგორც ვერცხლი დნება ღუმელში, ისე დადნებით მის წიაღში და გაიგებთ, რომ მე, უფალმა, გადმოვღვარე ჩემი გულისწყრომა თქვენზე”.

ეზეკიელი 36:22-24
ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, იმ ხალხებში რომ შებღალე, სადაც მიხვედი.  განვწმედ ჩემს დიად სახელს, ხალხებში შებღალულს, თქვენ რომ შებღალეთ მათ შორის და გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ უფალი! ამბობს უფალი ღმერთი, როცა მათ თვალწინ განვიწმიდები თქვენში.  აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.

მეორე რჯული 4:29-31
მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.  როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას. რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.

მეორე რჯული 30:1-10
„როცა მოაწევს შენზე კურთხევისა და წყევლის ყველა ეს სიტყვა, რომლებიც გადმოგეცი და გულთან მიიტან მას ყველა იმ ერში მყოფი, რომელშიც გაგფანტავს უფალი, შენი ღმერთი, და მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს მთელი შენი გულითა და არსებით და შეისმენთ შენ და შენი ძენი მის ხმას ყველაფერში, რასაც გიბრძანებ დღეს,  მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს, შეგიბრალებს და ისევ შემოგკრებს ყველა ხალხთაგან, რომელთა შორისაც დაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა.  ცის კიდემდეც რომ გაიფანტო, იქიდანაც შეგკრებს უფალი, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს;  მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, შენი მამების მიერ დამკვიდრებულ ქვეყანაში და შენც დაიმკვიდრებ მას; სიკეთეს გიყოფს უფალი და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად.  გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ. შენს მდევნელ მტრებსა და მოძულეებზე მიაქცევს მთელს ამ წყევლას უფალი, შენი ღმერთი.  და შენც მოიქცევი, შეისმენ უფლის ხმას და აღასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც გამცნებ დღეს.  სიუხვით გიკურთხებს უფალი ღმერთი შენი ხელის ყველა საქმეს, შენი მუცლის, საქონლისა და მიწის ნაყოფს, სიკეთისთვის; რადგან კვლავ სასიკეთოდ გაიხარებს უფალი შენზე, როგორც ხარობდა იგი შენს მამებზე,  თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, მისი მცნებებისა და წესების დასაცავად, რომლებიც ამ რჯულის წიგნშია ჩაწერილი; თუ მთელი შენი გულითა და არსებით მოიქცევი უფლის, შენი ღმერთისკენ.

ესაია 43:5-7
ნუ გეშინიათ, ვინაიდან თქვენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან თქვენს თესლს და დასავლეთიდან შემოგკრებთ.  ჩრდილოეთს ვეტყვი: მიეცი! სამხრეთს: ნუ დააკავებ! მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი – ქვეყნის კიდიდან.  ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისთვის გავაჩინე; ყოველი, ვინც შევქმენი და გამოვსახე!”

იერემია 31:7-10
ასე ამბობს უფალი: „სიხარულით უმღერეთ იაკობს და შემოსძახეთ ხალხთა წინამძღოლს; გამოაცხადეთ, შეაქეთ და უთხარით: შენ იხსენი, უფალო, შენი ხალხი, ნარჩენი ისრაელისა! აჰა, მომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დედამიწის კიდეებიდან შევკრებ მათ; ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე მათთან ერთად იქნებიან, დიდი კრებული დაბრუნდება. ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.  ისმინეთ ამბობს უფალი, ხალხებო. აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: გამფანტველი ისრაელისა ისევ შეაგროვებს მას და ისე დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის ფარას!

მათეს 24:31
იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.

იერემია 16:15
არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა იმ ქვეყნიდან გამოიყვანა, სადაც გასახლებული ჰყავდაო! რადგან მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამებს მივეცი.

ეზეკიელი 36:24
აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.

ზაქარია 12:2
აჰა, გავხდი იერუსალიმს მათრობელ ფიალად ყველა გარემომცველი ხალხისთვის და იუდასთვისაც, როცა ალყაში იქნება იერუსალიმი.

ზაქარია 12:10
და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.

ოსია 5:15
წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს. თავიანთ გასაჭირში გულწრფელად დამიწყებენ ძებნას.

ეზეკიელი 36:10
გავამრავლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის ხალხს, მთლიანად დასახლდებით, გამოცოცხლდება ქალაქები და აღდგება ნანგრევები.

ეზეკიელი 36:30
უხვად მოგცემთ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა მეტად აღარ ითმინოთ შიმშილის გამო შერცხვენა ხალხებში.

იერემია 23:6
მის დღეებში გამოიხსნება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება ისრაელი; ესაა სახელი, რომელსაც უწოდებენ: უფალი – ჩვენი სიმართლე!

იერემია 30:18
ასე ამბობს უფალი: აჰა, მე დავაბრუნებ იაკობის კარვების ქონებას და შევიბრალებ მის სამკვიდრო ადგილებს; ქალაქი თავის ნანგრევებზე აშენდება და სასახლე თავის კანონიერ ადგილზე აღიმართება.

ზაქარია 8:7-8
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გამოვიხსნი ჩემს ხალხს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის ჩასვლის ქვეყნიდან.  მოვიყვან მათ და დამკვიდრდებიან იერუსალიმის წიაღში! იქნებიან ჩემი ხალხი და ვიქნები მათი ღმერთი, ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.