ბაბილონი ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 18:2-3
დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის თავშესაფრად, და ყოველი არაწმიდა და ბილწი ფრინველის თავშესაფრად. ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისაგან შესვა ყველა ერმა. მიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და მიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალისაგან გამდიდრდნენ”.

გამოცხადება 17:18
ხოლო დედაკაცი, რომელიც შენ იხილე, დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა მიწის მეფეებზე.

გამოცხადება 18:23
სასანთლის ნათელი აღარ გაგინათებს. აღარ გაისმება შენში მეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ მიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.

გამოცხადება 17:5
მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწის სიბილწეთა დედა”.

ესაია 14:4-6
მაშინ წარმოსთქვამ შენ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: „როგორ დაცხრა მჩაგვრელი, როგორ დაცხრა ზვიადობა! გატეხა უფალმა ბოროტეულთა არგანი, მბრძანებელთა კვერთხი, წყრომით მცემელი ხალხებისა, ერთა რისხვით დამსჯელი, შეუწყვეტლივ მდევნელი.

იერემია 51:58
ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ბაბილონის განიერი გალავნები საძირკვლამდე დაინგრევა და მისი მაღალი კარიბჭენი ცეცხლში დაიწვება; და ამაოდ იშრომებენ ხალხები და მხოლოდ ცეცხლისათვის დაშვრებიან ერები.”

გამოცხადება 17:5-18
მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწის სიბილწეთა დედა”. დავინახე, რომ დამთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და რომ ვუყურებდი, მიკვირდა დიდად. მითხრა ანგელოზმა: „რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, რომელიც მას ატარებს. მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის და ამოვა უფსკრულიდან და დასაღუპად წავა. მიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც სოფლის შექმნიდან არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა. აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის. მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება. მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა შვიდთა რიცხვიდან და დასაღუპად მიდის. ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები ერთი საათით. მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ. ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე, და მასთან მყოფი მოწოდებულნი რჩეულნი და სარწმუნონი არიან”. მითხრა მე: „ეს წყლები, რომლებიც შენ იხილე, სადაც მეძავი ზის, არის ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, ვინადან ღმერთმა გულებში ჩაუდოთ, რომ შეასრულონ მისი ნება, შეასრულონ ერთი ნება და მისცენ მათი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები. ხოლო დედაკაცი, რომელიც შენ იხილე, დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა მიწის მეფეებზე.

გამოცხადება 16:19
დიდი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად და წარმართთა ქალაქები დაემხო და მოხსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.

გამოცხადება 18:1-11
ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ციდან ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა. მიწა განათდა მისი დიდებით. დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის თავშესაფრად, და ყოველი არაწმიდა და ბილწი ფრინველის თავშესაფრად. ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისაგან შესვა ყველა ერმა. მიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და მიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალისაგან გამდიდრდნენ” გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან, ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი. მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით. სასმისში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ მას.რაზომადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმზომად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან ამბობდა თავის გულში: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო. ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას. „იტირებენ და იგლოვებენ მას მიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ნებივრობდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს. მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.’ მიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს,

იერემია 51:26
და არ აიღებენ შენგან ქვას ქვაკუთხედისა და საძირკვლისათვის, რადგან საუკუნო უდაბნოდ იქცევი!” – სიტყვა უფლისა. –

გამოცხადება 18:24
მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და მიწაზე ყველა მოკლულის სისხლი”.

ესაია 47:13
დაქანცული ხარ მრავალ რჩევათაგან, მოდგნენ ცისმზომელები, ვარსკვლავთმჭვრეტელები, ახალმთავრობათა მცოდნენი, და გიხსნან იმისგან, რაც უნდა დაგატყდეს თავს.

იერემია 51:53
კიდევაც რომ აიწიოს ბაბილონმა ცამდე და კიდევაც რომ გაამაგროს მაღალზე თავისი ძლიერება, მიუვლენ მას მძარცველნი ჩემგან,” – სიტყვა უფლისა. –

4 მეფეთა 24:7
და მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა, ეგვიპტის მდინარე ეფვრატამდე,

ფსალმუნები 136:8
ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც ჩვენ მოგვაწიე!

იერემია 32:28
ამიტომ ასე თქვა უფალმა: „აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ქალდეველთა ხელს და ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელს და ის დაიპყრობს მას.

დაბადება 10:10
და მისი მეფობის დასაბამი იყო: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე შინყარის ქვეყანაში.

იერემია 46:13-26
სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ეგვიპტის ქვეყნის დასამხობად ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე: „აუწყეთ ეგვიპტეში და ასმინეთ მიგდოლში, ასმენინეთ ნოფში და თახფანხესში და თქვით: ‘წამოდექი და მოემზადე, რადგან მახვილი შეჭამს შენს ირგვლივ ყველაფერს.’ რატომ წაილეკა შენი მამაცი? ვერ გაუძლო, რადგან უფალმა უკუაქცია. მომრავლდნენ უძლურნი, ერთმანეთზე ეცემოდნენ და ამბობდნენ: ‘ადექით და დავუბრუნდეთ ჩვენს ერს და ჩვენს სამშობლო ქვეყანას დამღუპველი მახვილისაგან. გაჰყვიროდნენ იქ: ‘ფარაონი, ეგვიპტის მეფე!’ მაგრამ ამაო ხმაურია, გადააცილა დათქმულ დროს. როგორც ცოცხალი ვარ მე,” ამბობს მეფე, უფალი ცაბაოთია სახელი მისი, „რადგან როგორც თაბორი დგას მთებს შორის და როგორც ქარმელია ზღვასთან, ისე მოვა იგი. გადასახლების ჭურჭელი დაიმზადე, ეგვიპტეში მცხოვრებო ასულო, რადგან ნოფი აოხრდება და გაჩანაგდება, დარჩება მცხოვრების გარეშე. უმშვენიერესი დეკეულია ეგვიპტე, მაგრამ ჩრდილოეთიდან მოდის კრაზანა, მოდის. მისი დაქირავებულნიც მის შიგნით ნასუქალ ხბორებივით არიან, მაგრამ ისინიც უკუიქცნენ, ერთად გარბიან, ვერ დადგნენ, რადგან მათი დაღუპვის დღე მოვიდა მათზე, მათი დასჯის ჟამი. მისი ხმა გველის სისინის მსგავსი იქნება, რადგან ლაშქრით დადიან და ცულებით მოვიდნენ მასზე, ხის მჭრელებივით. აჩეხეთ მისი ტყე,” – სიტყვა უფლისა, – „თუმცა აურაცხელია, რადგან კალიაზე მეტად გამრავლდნენ და სათვალავი არა აქვთ. შერცხვენილია ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს გადაეცა ხელში.” და თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე დავსჯი ამონს თებეში და ფარაონს და ეგვიპტეს და მის ღმერთებს და მის მეფეებს, ფარაონს და მასზე დანდობილებს! და გადავცემ მათ მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელთ, და მის მსახურთა ხელთ და ამის შემდეგ დასახლდება ის, როგორც პირვანდელ დღეებში.” – სიტყვა უფლისა. –

დანიელი 3:1
გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთა სიმაღლით და ექვსი წყრთა სიგანით. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე.

1 პეტრეს 5:13
მოკითხვას გითვლიან ბაბილონში თანაარჩეული ეკლესია და მარკოზი, ჩემი შვილი.