ანგარების მაგალითები – ბიბლიური ციტატები

დაბადება 31:41
აჰა, ეს არის ჩემი ოცი წელი შენს სახლში: გემსახურებოდი თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისათვის, და ექვსი წელი შენი ცხვრებისათვის; და გასამრჯელო ათჯერ შემიცვალე.

იესო ნავეს ძე 7:21
და დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული მოსასხამი, და ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ერთი ოქროს ზოდი, და ვინდომე ისინი და ავიღე. და აჰა, ისინი მიწაშია დამალული ჩემს კარავში, ვერცხლი კი მის ქვეშაა.”

1 მეფეთა 2:12-14
უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები: უფალს არ ცნობდნენ და არც მღვდლობის მოვალეობას ხალხის წინაშე: როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მოვიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში, ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც ჩანგალს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, შილოში მიმსვლელს.

1 მეფეთა 8:3
არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.

1 მეფეთა 15:9-11
და დაინდეს საულმა და ლაშქარმა აგაგი და საუკეთესო ცხვარი და ძროხა, საკვები, ბაღ-ვენახები და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო, და რისი განადგურებაც არ მოინდომეს; ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს. და იყო უფლის სიტყვა სამუელის მიმართ: „ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს.” და დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე ღაღადებდა უფლის მიმართ.

3 მეფეთა 21:2
და ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: „დამითმე შენი ვენახი, საბოსტნედ მექნება. რადგან ჩემი სახლის გვერდითაა. სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ, ანდა, თუ გინდა, მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდი.”

4 მეფეთა 5:20-24
და თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა: „აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მისი მოტანილი ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.” და დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან გადმოვიდა და წინ შეეგება და თქვა: „მშვიდობაა?” და თქვა: „მშვიდობა. ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ‘ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან. იქნებ ერთი ქანქარი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინა მათთვის.’“ და თქვა: ნაყამანმა: „ორი ქანქარი აიღე ბარემ.” დაიყოლია და შეუხვია ორი ქანქარი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად გაატანა წასაღებად თავის ორ მსახურს. და როცა ის მოვიდა ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. და უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც.

ნეემია 5:7
მაგრამ გულმა მიკარნახა და ვეჩხუბე დიდებულებს, მოხელეებს და ვუთხარი მათ: თქვენი მოძმეებისაგან ვახშს იღებთ-მეთქი. და მოვიწვიე მათ წინააღმდეგ დიდი კრებული.

ესაია 1:23
შენი მთავარნი განდგომილნი და ქურდთა მეგობარნი არიან; მათ ყველას ქრთამი უყვართ და საზღაურს ედევნებიან, ობოლს არ ასამართლებენ სამართლიანად და ქვრივის საქმე არ აღწევს მათთან.

ესაია 56:11
ეს ხარბი ძაღლებია, გაუმაძღარნი. მწყემსები არიან ისინი, მაგრამ გაგება არა აქვთ. ყველა თავის გზით გაემართა, თითოეული – თავის ანგარებისაკენ.

იერემია 6:13
რადგან დიდიან-პატარიანად ყველა ანგარებით არის შეპყრობილი და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მოქმედია.

იერემია 51:13
დიდ წყლებზე დასახლებულო, მრავალ საგანძურთა მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი სიხარბისამებრ.

იოანეს 12:4-6
თქვა იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მის მოწაფეთაგანმა, რომელსაც გულში ჰქონდა მისი გაცემა: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ებარა და ხანდახან იღებდა თავისთვის შიგ ჩაყრილს.

ლუკას 16:13-14
არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის სამსახური: ან ერთი უნდა მოიძულოს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე შეიძაგოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც!“ ესმოდათ ყოველივე ეს ფარისევლებს, რომლებიც ვერცხლისმოყვარენი იყვნენ, და დასცინოდნენ მას.

საქმეები 5:1-10
ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საპფირასთან ერთად გაყიდა მიწის ნაკვეთი და გადამალა საფასურიდან – ეს მისმა ცოლმაც იცოდა – რაღაც ნაწილი კი მოიტანა და დადო მოციქულთა ფეხთით. უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ სულიწმიდის მოსატყუებლად და გადამალე მიწის საფასური? სანამ გაყიდიდი, შენი არ იყო? და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რატომღა ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“ როცა ეს სიტყვები მოისმინა ანანიამ, დაეცა და სული განუტევა. დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც ეს გაიგო. ადგნენ ჭაბუკები, შესუდრეს იგი, გაიტანეს და დამარხეს. განვლო სამიოდე საათმა და შევიდა მისი ცოლიც, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?“ თქვა: „დიახ, ამდენად.“ პეტრემ კი უთხრა მას: „რატომ შეითქვით, უფლის სულის გამოსაცდელად? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხები და შენც გაგიტანენ.“ დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. როდესაც ჭაბუკები შემოვიდნენ, ნახეს ის მკვდარი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს გაიგო.

საქმეები 24:26
ამასთანავე იმედი ჰქონდა, რომ პავლესგან ფულს მიიღებდა თავის გამოსახსნელად. ამიტომ ხშირად იბარებდა და ესაუბრებოდა მას.