ძველი აღთქმა
4 მეფეთა
241 მის დღეებში გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მსახური სამ წელიწადს. მერე კვლავ განუდგა მას. 2 მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ბრბოებს, და შეუსევდა იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მსახურთა – წინასწარმეტყველთა – პირით. 3 უფლის ნებით ხდებოდა იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა, მენაშეს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო, 4 და იმ უბრალოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი, და არ ინება უფალმა მისი პატიება. 5 იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 6 განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, იეჰოიაქინი, გამეფდა. 7 და მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა, ეგვიპტის მდინარე ეფვრატამდე, 8 თვრამეტი წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან. 9 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი აკეთებდა. 10 ამ დროს დაიძრნენ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მოლაშქრეები იერუსალიმისაკენ და შემოადგნენ ქალაქს. 11 და მოადგა ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორი, ქალაქს, როცა მის მოლაშქრეებს ალყაში ჰყავდათ ქალაქი მოქცეული. 12 და გავიდა იეჰოიაქინი, იუდას მეფე, ბაბილონის მეფესთან, და გავიდნენ დედამისიც, მისი მსახურნიც და დიდებულებიც, და კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ თავისი მეფობის მერვე წელს. 13 და გაზიდა იქიდან უფლის სახლის საგანძური და მეფის სახლის საგანძური, და დაამტვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გააკეთა სოლომონმა, ისრაელის მეფემ, უფლის ტაძარში. 14 და აჰყარა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი, – ათი ათასი კაცი იყო აყრილი, – ყველა ხურო და მჭედელი, არავინ დარჩენილა, მდაბიორთა გარდა. 15 და გადაასახლა იეჰოიაქინი ბაბილონს, და მეფის დედა, და მეფის ცოლები, და მისი კარისკაცები, და ქვეყნის თავკაცნი წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში დასასახლებლად. 16 მეომრები – შვიდი ათასი კაცი, ხელოსნები და მშენებლები – ათასი კაცი, ყველა ვაჟკაცი, ომის შემძლე, წაასხა ბაბილონის მეფემ ბაბილონში დასასახლებლად. 17 და დასვა მეფედ ბაბილონის მეფემ (იეჰოიაქინის) ნაცვლად მისი ბიძა, მათანია, და სახელად ციდკიაჰუ დაარქვა. 18 ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან, 19 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი აკეთებდა. 20 და მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. და განუდგა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.