HomeUncategorized

4 მეფეთა 15

ძველი აღთქმა
4 მეფეთა
151 იერობყამის, ისრაელის მეფის, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია, იუდას მეფის ამაციაჰუს ძე. 2 თექვსმეტი წლისა იყო, რომ გამეფდა და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში, მისი დედა იყო იექალიაჰუ, იერუსალიმიდან. 3 სწორს აკეთებდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი ამაციაჰუ; 4 ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს. 5 და დასაჯა უფალმა მეფე და სიკვდილამდე კეთროვანი იყო, და ცხოვრობდა სამკურნალო სახლში. იოთამი, მეფისწული, სასახლეს ზედამხედველობდა და განსჯიდა ქვეყნის ერს. 6 ყაზარიაჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 7 და განისვენა ყაზარიამ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავის მამებთან დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა. 8 იუდას მეფის ყაზარიაჰუს ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ზაქარია იერობყამის ძე ისრაელზე სამარიაში და ექვსი თვე იმეფა. 9 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა აკეთებდა. და არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი. 10 და აუჯანყდა მას შალუმი, იაბეშის ძე, და მოკლა იგი კაბალ-ყამმა და გამეფდა მის ნაცვლად. 11 ზაექარიაჰუს დანარჩენი საქმენი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 12 ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოუცხადა მან იეჰუს: “მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შვილები ისრაელის ტახტზე.” და ახდა კიდეც. 13 შალუმ იაბეშის ძე გამეფდა იუდას მეფის ყუზიას ოცდამეცხრამეტე წელს და ერთი თვე იმეფა სამარიაში. 14 და წამოვიდა მენახემ გადის ძე თირცადან და მოადგა სამარიას. და დაამარცხა შალუმ იაბეშის ძე სამარიაში, და მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად. 15 შალუმის საქმენი და მისი აჯანყების ამბავი, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 16 მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო. და მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი. 17 იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა მენახემ გადის ძე, ისრაელის მეფე, და ათი წელი იმეფა სამარიაში. 18 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი. 19 და წამოვიდა ფული, აშურის მეფე, ქვეყნისაკენ და მისცა მენახემმა ფულს ათასი ქანქარი ვერცხლი, რომ ყოფილიყო მისი შემწეობის ქვეშ და მტკიცედ სჭეროდა ხელში მეფობა. 20 და დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელიანთ, ყველა შეძლებულ კაცს – კაცზე ორმოცდაათი შეკელი – აშურის მეფისთვის მისაცემად. და უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იქ, ქვეყანაში. 21 მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 22 და განისვენა მენახემმა თავის მამებთან და მის ნაცვლად მისი ძე ფეკახია გამეფდა. 23 ყაზარიას, იუდას მეფის, ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია მენახემის ძე ისრაელზე სამარიაში და ორი წელი იმეფა. 24 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი. 25 და აუჯანყდა მას ფეკახი, რემალიაჰუს ძე, მისი კარისკაცი, მიუხდა სამარიაში, მეფის სასახლის დარბაზში, არგობსა და არიესთან ერთად, თან ორმოცდაათი გილყადელი ახლდა, და მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად. 26 ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 27 იუდას მეფის ყაზარიას, ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკახი რემალიაჰუს ძე, ისრაელზე, სამარიაში და იმეფა ოცი წელი. 28 და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ესრაელი. 29 ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათ-ფილესერი, აშურის მეფე, და აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გილყადი და გალილეა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და აშურში გადაასახლა ხალხი. 30 და აუჯანყდა ჰოშეაყ ელიას ძე, ფეკახ რემალიაჰუს ძეს, და სძლია მას, და მოკლა და გამეფდა მის ნაცვლად იოთამ ყუზიას ძის მეოცე წელს. 31 ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 32 ისრაელის მეფის, ფეკახ რემალიაჰუს ძის მეორე წელს გამეფდა იოთამ ყუზიაჰუს ძე, იუდას მეფე. 33 ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული. 34 სწორს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი ყუზიაჰუ აკეთებდა, ასევე აკეთებდა იგი. 35 ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. ჯერაც გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. მან აღადგინა უფლის სახლის ზემო კარიბჭე. 36 იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 37 იმ დღეებში შეუჩინა უფალმა იუდას რეცინი, არამის მეფე, და ფეკახ რემალიაჰუს ძე. 38 და განისვენა იოთამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით თავისი მამის დავითის ქალაქში და მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა.
თავი მეთოთხმეტე                                                                                                                თავი მეთექვსმეტე

COMMENTS