1 და განუდგა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ. 2 და გადმოვარდა ახაზია სარკმლიდან თავისი ზემოთვალისა, სამარიაში რომ ჰქონდა, და დასნეულდა. და გაგზავნა მოციქულები და დააბარა: წადით და დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგანო? 3 უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: „წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან, მიდიხართ სამკითხაოდ?’ 4 ამიტომაც ასე ამბობს უფალი: ‘ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ და წავიდა ელია. 5 და დაბრუნდნენ მოციქულები მეფესთან და უთხრა მათ: „რატომ დაბრუნდით?“ 6 და უთხრეს: „კაცი გამოვიდა ჩვენს შესახვედრად და გვითხრა: ‘წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგაგზავნათ, და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან აგზავნი საკითხავად? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ 7 ჰკითხა მათ: „როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“ 8 და უთხრეს მას: „ბანჯგვლიანია ის კაცი და წელზე ტყავის ქამარი არტყია.“ და თქვა: „ეს ელია თიშბელია.“ 9 და მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და როცა ის მასთან ავიდა, აჰა, მთის თხემზე ზის ელია. და უთხრა მას: „ღვთისკაცო! მეფე გიბრძანებს: ძირს ჩამოდიო.“ 10 და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული. 11 და კვლავ მიუგზავნა მეფემ სხვა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და უთხრა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: სასწრაფოდ ჩამოდიო.“ 12 და მიუგო ელიამ და უთხრა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული. 13 და მესამედ მიუგზავნა მეფემ ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და უთხრა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათის, შენი მსახურის, სიცოცხლეს შენს თვალში. 14 აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.“