Home1კორინთელთა

1 კორინთელთა 8

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
ნაკერპავის ჭამისათვის

81 ახლა ნაკერპავებზე. ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარულს კი აშენებს. 2 ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. 3 მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან. 4 ამგვარად, ნაკერპავების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია სოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა. 5 და თუ კიდევ არიან ეგრეთწოდებული ღმერთები ან ცაში, ან მიწაზე (რადგან არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი), 6 ჩვენ კი ერთი მამა ღმერთი გვყავს, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ.
   7 თუმცა ყველას როდი აქვს ცოდნა. ზოგიერთები ჩვეულებით აქამდე ჭამენ კერპთაგან, როგორც ნაკერპავს და, ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბღალება. 8 საჭმელი არ მიგაახლოვებთ ღმერთთან, ვინაიდან, თუ ვჭამთ, ვერაფერს ვიმატებთ, და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება. 9 მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. 10 ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა ჭამისათვის? 11 და დაიღუპება შენი ცოდნის მეოხებით შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. 12 ამრიგად, შესცოდავთ რა ძმების მიმართ და დაჭრით მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესცოდავთ. 13 ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, საუკუნოდ არ ვჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.

თავი მეშვიდე                                                                                                                                         თავი მეცხრე

COMMENTS