Home1კორინთელთა

1 კორინთელთა 4

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
მოციქულთა მსახურება

41 ადამიანმა ისე შეგვრაცხოს ჩვენ, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნეები. 2 და უფრო მეტიც, მნეთა შორის ეძებენ, რომ აღმოჩნდეს სარწმუნო ვინმე. 3 ხოლო ჩემთვის უმნიშვნელოა, თქვენ განმსჯით მე, თუ ადამიანთა სამსჯავრო. მაგრამ მე ნამდვილად არ განვსჯი ჩემს თავს. 4 ვინაიდან არაფერი ვიცი ჩემს თავზე, მაგრამ ამით არ ვმართლდები. ჩემი განმსჯელი ხომ უფალია. 5 ამიტომ ნუ განსჯით უჟამოდ, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისაგან.

 

   6 და ეს, ძმანო, ნიმუშად დავუდე ჩემს თავს და აპოლოს თქვენი გულისათვის, რათა ისწავლოთ ჩვენგან, რომ არ გადახვიდეთ დაწერილს და არ გაუყოყოჩდეთ ერთმანეთს. 7 რადგან, ვინ განგასხვავებს? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს? 8 დიახ, უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით. და ნეტა მართლა მეფობდეთ, რომ ჩვენც ვმეფობდეთ თქვენთან ერთად. 9 რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. ვინაიდან სანახაობად გავხდით სოფლისათვის, ანგელოზებისათვისაც და ადამიანებისათვისაც. 10 ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისათვის, თქვენ კი ბრძენები ხართ ქრისტეში. ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. თქვენ დიდებულნი, ჩვენ კი უპატიონი. 11 ჩვენ ამ ჟამამდე მშივრები და მწყურვალენი ვართ, შიშვლები და ნაგვემნი, და მოხეტიალენი. 12 ვშრომობთ, ჩვენი ხელებით ვმუშაობთ. გაგვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ. 13 სახელს გვიტეხენ – ვეფერებით. და გავხდით განახვეტი სოფლისა, ყველაფრის ნაგავი აქამდე.
   14 თქვენდა შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს. 15 ვინაიდან თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით. 16 ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: მომბაძეთ მე. 17 ამისათვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, და ის გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყოველ ადგილას, ყოველ ეკლესიაში. 18 ზოგიერთები გაამპარტავდნენ, თითქოს არ მოვიდოდე თქვენთან. 19 მაგრამ მალე მოვალ თქვენთან, თუ უფალი ინებებს, და გამოვცდი არა ქედმაღლურ სიტყვებს, არამედ ძალას. 20 რადგან ღვთის სასუფეველი არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში. 21 რა გსურთ, არგნით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულით და თავმდაბლობის სულით?

 

თავი მესამე                                                                                                                                          თავი მეხუთე

COMMENTS