Home1კორინთელთა

1 კორინთელთა 11

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ

111 ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე – ქრისტესი.

თავდაბურვა მსახურებისას

2 ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით. 3 მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი და ქრისტეს თავი – ღმერთი. 4 ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაფარული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს ირცხვენს. 5 და ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, ვინაიდან ეს იგივეა, რომ გადაპარსული იყოს. 6 ვინაიდან, თუ დედაკაცი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს. 7 ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა. 8 ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი – მამაკაცისაგან. 9 ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცის გულისათვის, არამედ დედაკაცი – მამაკაცის გულისათვის. 10 ამიტომ დედაკაცი ვალდებულია, თავზე ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზების გულისათვის. 11 თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში. 12 ვინაიდან, ისევე, როგორც დედაკაცი მამაკაცისგან არის, მამაკაციც დედაკაცის მეოხებით არის. ხოლო ყოველივე ღვთისაგან არის. 13 თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე დავდაუფარავად ლოცვა? 14 ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის? 15 მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული. 16 და თუ ვინმე განიზრახავს იდაოს, ჩვენ არა გვაქვს ისეთი ჩვეულება, არც ღვთის ეკლესიებს.

უფლის სერობის შეურაცხყოფისათვის

17 ხოლო ამას რომ გამცნებთ, არ გაქებთ, რომ იკრიბებით არა უმჯობესისათვის, არამედ უარესისათვის. 18 ვინაიდან, ჯერ ერთი, გაგებული მაქვს, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფა არსებობს თქვენს შორის, რასაც ნაწილობრივ ვუჯერებ. 19 ვინაიდან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ გამოცდილნი თქვენს შორის. 20 როცა იკრიბებით ერთად, უფლის სერს არა ჭამთ. 21 ვინაიდან ყველა წინასწარ ჭამს თავის საკუთარ სერს და ზოგი მშიერია და ზოგი მთვრალი. 22 ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის არ გაქებთ.

უფლის სერობის წესი

23 ვინაიდან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური, 24 მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად.“ 25 ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ. 26 რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს.

უფლის სერობაში მონაწილეობისათვის

27 ამიტომ, ვინც შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. 28 ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. 29 ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ არჩევს რა უფლის სხეულს. 30 ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც მოკვდა. 31 ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი. 32 ხოლო მსჯავრდადებულნი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა სოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი. 33 ამიტომ, ჩემო ძმანო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ. 34 და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.

თავი მეათე                                                                                                                                     თავი მეთორმეტე

COMMENTS