სულიწმინდა, წყარო სიბრძნისა ბიბლიის მუხლები

იობი 32:6-9
და ილაპარაკა ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ: „მე წლებით უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა თქვენთვის ჩემი აზრი მეთქვა. ვიფიქრე: უმჯობესია დღეებმა ილაპარაკონ და წლების სიმრავლემ ასწავლოს სიბრძნე.  მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;  ხანდაზმულნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს.

საქმეები 6:9-10
მაშინ ადგნენ ზოგიერთები იმ სინაგოგებიდან ლიბერტინელებს, კვირინელებსა და ალექსანდრიელებს რომ უწოდებდნენ, აგრეთვე ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და შეედავნენ სტეფანეს.  მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.

1 კორინთელთა 2:12-14
ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.  რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.  მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.

1 მეფეთა 10:10
მივიდნენ გორაკთან და, აჰა, წინასწარმეტყველთა გუნდი მოდის მასთან შესახვედრად. გადმოვიდა მასზე უფლის სული და მათთან ერთად იწყო წინასწარმეტყველება.

3 მეფეთა 3:8-9
შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.  მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”

3 მეფეთა 4:29-34
და მისცა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი წვდომის უნარი და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება.  ისე გაუმრავლა სიბრძნე სოლომონს, რომ აღმოსავლეთის ძეთა სიბრძნესა და ეგვიპტის მთელ სიბრძნეს აღემატებოდა.  ყველას აღემატებოდა სიბრძნით; ეთან ეზრახელს, ჰემანს, ქალქოლსა და დარდას – მახოლის ძეებზე მეტად ბრძენი იყო; განითქვა მისი სახელი გარშემო ყველა ერში.  სამი ათასი იგავი გამოთქვა და ათას ხუთი საგალობელი. ლაპარაკობდა ცხოველებზე, ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე, თევზებსა და ხეებზე: ლიბანის კედრიდან – კედელზე მცოცავ უსუპამდე.  ყოველ ხალხთაგან მოდიოდნენ სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და დედამიწის ყოველ მეფეთაგან, ვისაც კი გაგონილი ჰქონდა მისი სიბრძნის ამბავი.

3 მეფეთა 10:1-23
სმა შებას დედოფალს სოლომონის მიერ უფლის სახელის სადიდებლად აღსრულებული საქმენი და მივიდა გამოცანებით მის გამოსაცდელად.  ფრიად დიდი ქარავნით მივიდა იერუსალიმში: სურნელებებით, უამრავი ოქროთი და ძვირფასი ქვებით დაეტვირთათ აქლემები; ეახლა სოლომონს და ყველაფერი უთხრა, რაც გულში ჰქონდა.  ყველა კითხვაზე პასუხი გასცა სოლომონმა; არაფერი იყო დაფარული მეფისგან, რომ ვერ გაეცა პასუხი.  და იხილა შებას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე და სასახლე, რომელიც მან ააშენა; ასევე მისი სუფრის სანოვაგე, მსახურთა სადგომი, სუფრის მომსახურეთა ქცევა და მათი ჩაცმულობა, ასევე ღვინის მწდენი, მისი სრულადდასაწველნი, რომელსაც აღავლენდა უფლის ტაძარში და გაოგნდა დედოფალი;  უთხრა მეფეს: „ჭეშმარიტება ყოფილა ყველაფერი, რაც ჩემს ქვეყანაში მსმენია შენს საქმეებსა და სიბრძნეზე.  არ ვუჯერებდი სიტყვებს, ვიდრე მოვიდოდი და ჩემი თვალით ვიხილავდი; აჰა, თურმე ნახევარიც კი არ მსმენია: იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა.  ნეტარია შენი ხალხი და ნეტარ არიან შენი მსახურნი, რომლებიც მუდმივად დგანან შენ წინაშე და ისმენენ შენს სიბრძნეს.  კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც ისურვა შე­ნთვის ისრაელის ტახტის მოცემა! ისრაელისადმი მარადიული სიყვარულით დაგადგინა მეფედ უფალმა, რათა აღასრულო სიმართლე და სამართალი”.  და მისცა მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო, ფრიად მრავალი კეთილსურნელება და ძვირფასი ქვა; არასოდეს შემოზიდულა ქვეყანაში ამდენი კეთილსურნელება, რამდენიც შებას დედოფალმა უძღვნა მეფე სოლომონს. ხირამის გემებმაც შემოიტანეს ოფირის ოქრო, დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი ქვა. სანდალოზის ხისგან მოაჯირი გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი – ქნარები და ჩანგები; აღარასდროს შემოზიდულა სანდალოზის ამდენი ხე და არც უნახავს ვინმეს დღემდე.  ყველაფერი უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს, რაც კი ინება და ითხოვა, გარდა იმისა, რაც მეფე სოლომონმა თვითონ აჩუქა თავისი გულუხვობით; და დაუბრუნდა იგი თავის ქვეყანას თავის მსახურებთან ერთად.  ოქროს წონა, რომელიც წელიწადში შემოსდიოდა სოლომონს, ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი იყო, იმ ოქროს გარდა, რაც მოქარავნეთაგან, ვაჭართაგან, არაბთა მეფეებისა და მხარეთა განმგებლებისაგან შემოსდიოდა.   და გააკეთა მეფე სოლომონმა სამასი შუბი ნაჭედი ოქროსგან: ოქროს ექვსასი შეკელი დასჭირდა თითო ოქროს ფარს;  ასევე ნაჭედი ოქროს სამასი ფარი: სამი მინა ოქრო დასჭირდა თითო ფარს და ლიბანის მაღნარის სახლში დააწყო ისინი მეფემ.  გააკეთა მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი და სუფთა ოქროთი შემოჭედა. ექვსი საფეხური ადიოდა ტახტამდე, მომრგვალებული თხემი ჰქონდა უკან და სანიდაყვეები ერთვოდა დასაჯდომ ადგილს ორივე მხრიდან; ორი ლომი ედგა სანიდაყვეებთან. თორმეტი ლომი ედგა ექვსივე საფეხურს აქეთ-იქიდან. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ასეთი რამ. მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო და ლიბანის მაღნარის სასახლის ყველა ჭურჭელიც ასევე ხალასი ოქროსი იყო; ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან არაფრად ფასობდა ვერცხლი სოლომონის დღეებში. მეფის თარშიშული გემები ხირამის გემებთან ერთად ნაოსნობდნენ ზღვაში; სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ ეს გემები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი და მაიმუნები და ფარშევანგები მოჰყავდათ. დედამიწის ყველა მეფეს გადააჭარბა მეფე სოლომონმა სიმდიდრითა და სიბრძნით.

დანიელი 5:10-16
დედოფალი კი, მეფისა და დიდებულების ლაპარაკის ხმაზე სანადიმო სახლში შევიდა. თქვა დედოფალმა: „მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაშინებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება ფერი სახეზე.  არის შენს სამეფოში ერთი კაცი, რომელშიც წმიდა ღმერთის სულია; მამაშენის დღეებში მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე, ღმერთის სიბრძნის მსგავსი; მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა, მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების თავკაცად დააყენა.  რადგან დანიელში, რომელსაც მეფე ბელტეშაცარს ეძახდა, საკვირველი სული აღმოჩნდა, ასევე ცოდნა და გონიერება, სიზმრის ახსნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნის უნარი. ახლა დაუძახეთ დანიელს და ის განგვიცხადებს მნიშვნელობას”.  და მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. ჰკითხა მეფემ დანიელს: „შენ ხარ ის დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი, რომელიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოიყვანა?  გაგონილი მაქვს, რომ ღმერთის სულია შენში და ნათელი გონება და საოცარი სიბრძნე გქონია.  ახლახან ბრძენკაცები და ჯადოქრები მოვაყვანინე წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს.  მსმენია, რომ განმარტება და კვანძების გახსნა შეგიძლია. თუ ამ წარწერას წაიკითხავ და მის მნიშვნელობას ამიხსნი, მეწამულით შეგმოსავ, კისერზე ოქროს შიბს ჩამოგკიდებ და ჩემს სამეფოში მესამე მთავრად გაგხდი!”

საქმეები 6:3
ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე.

საქმეები 15:28
რადგან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.

1 კორინთელთა 2:11
რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა.

1 კორინთელთა 12:8
ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით;

კოლასელთა 1:9
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,