HomeUncategorized

3 მეფეთა 10

ძველი აღთქმა
3 მეფეთა

101 და მისწვდა შებას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი. 2 მივიდა იერუსალიმში დიდძალი ქონებით, აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები. და მოვიდა სოლომონთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა. 3 ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი. 4 და დაინახა შებას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე, და ნახა მისი აშენებული სახლი, 5 მისი სუფრის საჭმელ-სასმელი, მის მსახურთა საცხოვრებელი, მის მსახურთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მჭდეები, სრულადდასაწველი მსხვერპლი, რომელსაც აღავლენდა უფლის სახლში და გაოგნებულმა 6 უთხრა მეფეს: „მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე. 7 სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა. 8 ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერები არიან ეს შენი მსახურნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს. 9 კურთხეულია უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა ისრაელის ტახტზე დაესვი. უფლის საუკუნო სიყვარულის გამო ისრაელისადმი დაუდგენიხარ მეფედ სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.” 10 და უბოძა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი თვლები. მეტჯერ აღარ შემოსულა ამდენი ნელსაცხებელი, რამდენიც შებას დედოფალმა უბოძა მეფე სოლომონს. 11 ხირამის ხომალდმაც, რომელსაც ოქრო მოჰქონდა ოფირიდან, მოიტანა ოფირიდანვე დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი თვლები. 12 და გააკეთა მეფემ სანდალოზისგან მოაჯირი უფლის სახლისთვის და მეფის სახლისთვის, ებნები და ქნარები მგალობელთათვის. მეტჯერ აღარ შემოსულა და დღემდე არავის უნახავს ამდენი სანდალოზის ხე. 13 და მისცა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს ყველაფერი, რაც კი მან ინება და სთხოვა, გარდა იმისა, რაც თავისი ხელით ჰქონდა ნაჩუქარი, როგორც მეფე სოლომონს ეკადრებოდა. და უკან გაბრუნდა და წავიდა იგი თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად. 14 ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად, 15 იმის გარდა, რაც შემოჰქონდათ მოგზაურებს და ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა განმგებლებს. 16 და გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი მუზარადი ნაჭედი ოქროსგან. ექვსასი ოქრო დაიხარჯა თითოეულ მუზარადზე. 17 და სამასი ფარი ნაჭედი ოქროსგან, სამი მანა ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. და დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში. 18 და გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი მოჭედა. 19 ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, საზურგეზე მომრგვალებული იყო, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით. 20 ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ. 21 სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული ოქროსი იყო, რადგან ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს. 22 რადგან მეფის თარშიშული ხომალდები ხირამის ხომალდებთან ერთად გადიოდა ზღვაში. წელიწადში ერთხელ მოდიოდა თარშიშული ხომალდი და მოჰქონდა ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდა ყაფუზუნები და ფარშევანგები. 23 ქვეყნიერების ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი დოვლათითა და სიბრძნით. 24 მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა. 25 ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები. ასე იყო წლიდან წლამდე. 26 თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს და ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. 27 ვერცხლი ქვის ფასი გახადა მეფემ იერუსალიმში, ხოლო ნაძვი გაამრავლა სიკიმორის ხესავით, დაბლობებში რომ არის. 28 სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი, მეფის ვაჭრებს მიჰყავდათ კევედან საფასურით. 29 ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები – ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მიჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამის მეფეებისთვისაც.
თავი მეცხრე                                                                                                                                  თავი მეთერთმეტე

COMMENTS