სიზმრები – ბიბლიური ციტატები

დაბადება 20:3
და მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: „მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი.“

დაბადება 28:11-22
და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად, რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო ერთი ქვა და დაიდო სასთუმლად, და დაწვა დასაძინებლად. ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება. ღვთის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან კიბეზე. და უფალი იდგა ზედ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისააკისა. ეს მიწა, სადაც წევხარ, შენთვისა და შენი მოდგმისთვის მომიცია. და ქვიშასავით გამრავლდება შენი მოდგმა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. კურთხევა იქნებით შენ და შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ტომისათვის. მე შენთან ვარ, და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ, რაც გითხარი.“ როცა გამოფხიზლდა იაკობი ძილისაგან, თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!“ და შეეშინდა და თქვა: „რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.“ და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ. და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. წინათ კი ლუზი ერქვა ამ ადგილს. და აღთქმა დადო იაკობმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიფარავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად, და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი, და ეს ქვა, ძეგლად რომ აღვმართე, იყოს ღვთის სახლი, და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი!“

მსაჯულნი 7:13-15
და მოვიდა გედეონი. და აჰა, ერთი კაცი სიზმარს უყვება თავის მოყვასს და ეუბნება: „აჰა, სიზმარი მესიზმრა: ვითომც ქერის პური დაგორდა მიდიანის ბანაკისკენ, კარავს რომ მიაღწია, დაეჯახა და დასცა, თავდაყირა დააყენა კარავი, და დაემხო კარავი.“ მეორემ მიუგო და უთხრა: „ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მახვილი გედეონისა, იოაშის ძისა, ისრაელიანისა; მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.“ და როცა გედეონმა ამ სიზმრის მოყოლა და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს და აბრუნდა ისრაელის ბანაკში, და თქვა: „ადექით, რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის ბანაკი.“

დაბადება 37:5-10
და დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად მოიძულეს იგი. და უთხრა მათ: „მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა მე: აჰა, ჩვენ ვკონავთ ძნებს შუაგულ მინდორში და წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, და გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.” და უთხრეს მას მისმა ძმებმა: ჩვენი მეფე გინდა გახდე და ჩვენზე იბატონო?” და კიდევ უფრო მოიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვებისათვის. და დაესიზმრა მას კიდევ სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს და თქვა: „აჰა, კიდევ დამესიზმრა სიზმარი, რომ მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.” და როცა ეს უამბო თავის მამას და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა მას: „რა არის ეს სიზმარი, რომელიც გესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, რომ მიწამდე გცეთ თაყვანი?”

მათეს 1:20
და როდესაც ამას განიზრახავდა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გაშინებს მარიამის მიღება ცოლად, რადგან ის, ვინც მან უნდა შვას, სულიწმიდისგან არის.

დანიელი 2:1-3
თავისი მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორმა სიზმარი ნახა, სული აუფორიაქდა და ძილი გაუკრთა. მოახმობინა მეფემ გრძნეულები, ჯადოქრები, მისნები და ქალდეველნი, რათა მათ მისთვის აეხსნათ მისი სიზმარი. მოვიდნენ ისინი და წარსდგნენ მეფის წინაშე. უთხრა მათ მეფემ: „სიზმარი ვნახე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა.“

ესაია 29:7-8
და, როგორც სიზმარი, როგორც ღამის მოჩვენება იქნება არიელთან მებრძოლი ხალხების სიმრავლე, და ყველა მის წინააღმდეგ გალაშქრებულის, მის სიმაგრეთა წინააღმდეგ გამოსულთა და მის შემავიწროებელთა, როგორც მშიერს ესიზმრება, რომ ვითომ ჭამს, მაგრამ როცა გამოიღვიძებს, ხედავს, რომ შია; როგორც მწყურვალს ესიზმრება, რომ ვითომ სვამს, მაგრამ როცა გამოიღვიძებს, ხედავს, რომ დაქანცულია და ყელი უშრება. ასე მოუვა ყველა ურდოებს, სიონის მთის წინააღმდეგ გალაშქრებულთ.

იოველი 2:28
და იქნება, რომ ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი უხუცესნი ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.

ეკლესიასტე 5:7
სიზმრების სიმრავლეს ამაოება და მრავალსიტყვაობა მოსდევს. გეშინოდეს ღმერთის!

იერემია 23:32
აჰა, მე ვარ ცრუ სიზმრებით მოწინასწარმეტყველეთა წინააღმდეგ, – ამბობს უფალი, – რომლებიც მოუთხრობენ ამ სიზმრებს და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებითა და ლაზღანდარობით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი და არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, და არავითარი სარგებელი არ მოაქვთ მათ ამ ერისათვის, – ამბობს უფალი.