იოანეს 9:1-7
მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. და შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?” მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას. სანამ სოფელში ვარ, სოფლის ნათელი ვარ.” ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. უთხრა მას: „წადი და მოიბანე შილოახის საბანელში” (რაც ნიშნავს, მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
ლუკას 14:12-14
თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო, არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.”
გამოსვლა 4:11
და უთხრა მას უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს ან ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან მხედველს, ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?
იობი 29:11-17
ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა, რადგან ვიხსნიდი ღატაკს, შველას რომ ითხოვდა, და ობოლს, შემწე რომ არ ჰყავდა. კურთხევა განწირულისა ჩემზე მოდიოდა, და ქვრივის გულს ვახარებდი. სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი. ბრმისათვის თვალები ვიყავი, და კოჭლისთვის – ფეხები; გლახაკისთვის მამა ვიყავი; და ჩემთვის უცნობი საქმეს ვიძიებდი. უკეთური კაცისთვის ყბები დამილეწავს, და მოტაცებული კბილებიდან გამომიგლეჯია.
ლევიანნი 19:14
ნუ გაქირდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საცდურს, არამედ გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
მეორე რჯული 27:18
‘წყეულიმც იყოს, ვინც ბრმას აურიოს კვალი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
ესაია 35:1-6
გაიხარებს უდაბნო და ხრიოკი მიწა, გამხიარულდება ვრცელი ქვეყანა და შროშანივით აყვავდება. თვალისწარმტაცად აყვავდება და იხარებს; ლიბანის დიდებულებას შეიძენს, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალებას; ისინი იხილავენ უფლის დიდებას, ჩვენი ღმერთის სიდიადეს. განიმტკიცეთ ჩამოყრილი მკლავები და დასუსტებული მუხლები გაიმაგრეთ. უთხარით სულმოკლეთ: „განმტკიცდით, ნუ შეშინდებით; აჰა, თქვენი ღმერთი, შურისგება მოვა – ღვთის საზღაური, ის მოვა და გიხსნით.“ მაშინ აეხილებათ თვალი ბრმებს და ყრუთ ყურები გაეღებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება; რადგან უდაბნოში წყლები ამოხეთქავენ და მწყურვალ მიწაზე – ნაკადები.
მათეს 11:3-6
რათა ეკითხათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით და მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან და ღატაკებს ეხარებათ. და ნეტარია, ვინც არ დაეჭვდება ჩემში.“