HomeUncategorized

ქებათა-ქება სოლომონისა 7

ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
71 „მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ!” „რად უცქერდით სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხისაის? 2 როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში, ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით. 3 შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გარემოცული. 4 ორი ძუძუ შენი ორი თიკანია, მაჩბივნი ნიამორისა. 5 შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭესთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული. 6 შენი თავი შენს ტანზე ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სამეფო ძოწეული, კავებით შეკრული. 7 რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით! 8 შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი – ვაზის მტევნები. 9 ვთქვი: ‘ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები;’ შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი – ვით ვაშლის სურნელი. 10 შენი სასა ღვინოა კეთილი, ჩემი საყვარლისაკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი. 11 მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემსკენ მოილტვის ისიც. 12 მოდი, საყვარელო, ჩემო, გავიდეთ ველად, დაბა-სოფლებში ვათიოთ ღამე. 13 ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლებიან ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი. 14 სურნელებას დააფრქვევდნენ მანდრაგორები; ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ – ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, საყვარელო ჩემო.”
თავი მეექვსე                                                                                                                                               თავი მერვე

COMMENTS