ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
51 „ჩავედი ჩემს ბაღში, სასძლოვ, დაო ჩემო: მოვისთვლე მური და ჩემი სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრენით, საყვარელნო!” 2 „მე მძინავს, ჩემი გული კი მღვიძარეა. აჰა, მესმის ხმა ჩემი საყვარელისა, რომ რეკავს: ‘გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები – ღამის წვეთებმა.’ 3 გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო? 4 ჩემმა საყვარელმა შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული. 5 ავდექი, რომ გამეღო ჩემი საყვარლისათვის; ხელებიდან წვეთავდა მური, თითებიდან ეწვეთებოდა მური კარის სახელურს. 6 გავუღე კარი ჩემს საყვარელს, მაგრამ გაბრუნდა ჩემი საყვარელი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი; ვუხმობდი მას, არ მაგონებდა. 7 შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს. მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა. 8 გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ საყვარელი ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან.” 9 „რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, უმჯობესო ასულთა შორის? რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, ასე რომ გვაფიცებ?” 10 „თეთრ-ყირმიზია საყვარელი ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული. 11 თავი მისი ოქროა რჩეული, თმები მისი დახვეული, შავია ყორანივით. 12 თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი. 13 ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურით მწთოლვარენი. 14 ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი სპილოსძვლის ჭურჭელია, საფირონით მოჭედილი. 15 წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული. მისი პირისახე ლიბანის მსგავსია და დიდებულია, როგორც კედარი. 16 მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი – ყოვლად სანატრელი. ეს არის საყვარელი ჩემი, ეს არის სატრფო ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!”