HomeUncategorized

ქებათა-ქება სოლომონისა 2

ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
21 „მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი.” 2 „როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!” 3 „როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას. 4 შემიყვანა მან ღვინის სახლში და ალამი მისი ჩემს ზემოთ სიყვარულია. 5 გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან. 6 ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მისი მარჯვენა მეხვეოდეს!” 7 „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ. არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.” 8 „აჰა, გაისმის ხმა ჩემი საყვარელისა. აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე. 9 ვამსგავსე საყვარელი ჩემი ნიამორის ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენი ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის. 10 მომიგებს საყვარელი ჩემი და მეტყვის: ‘ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!’ 11 რადგან, აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ღვარებისა გარდახდა, თავისთვის წავიდა. 12 ყვავილები დაჩდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში. 13 ლეღვმა გამოიღო თვისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს, ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!’” 14 „შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი მშვენიერი.” 15 „დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი.” 16 „ჩემი საყვარელი ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყესავს შროშანთა შორის! 17 ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მობრუნდი, ემსგავსე, საყვარელო ჩემო ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულს!”
თავი პირველი                                                                                                                                           თავი მესამე

COMMENTS