ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
41 „აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენი პირბადის ქვეშ; შენი თმა არვეა თხათა, გილყადის მთიდან დაშვებული. 2 შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუპ-ტყუპად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის. 3 შენი ბაგეები ძოწის ძაფივითაა, და შენი პირი – საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ. 4 შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყველა ფარი. 5 ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის. 6 ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე. 7 ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და ბიწი არ არის შენში! წამო, ლიბანიდან სასძლოვ! 8 წამო, ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, შენირისა და ხერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხვთა მთებიდან. 9 შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სასძლოვ, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით! 10 რა საამურია შენი ალერსი, სასძლოვ, დაო, ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი! 11 გოლი მოსწვეთავს შენს ბაგეებს, სასძლოვ! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია! 12 ბაღი ხარ დახშული, სასძლოვ, დაო ჩემო, ჭა – დაგმანული, წყარო – დაბეჭდილი. 13 შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით – ქოფერით და ნარდიონით, 14 ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით. 15 წალკოტთა წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი.” 16 „აღდექ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ჩემს წალკოტს, იფრქვეოდეს მისი სურნელებანი! მოვიდეს თავის წალკოტში საყვარელი ჩემი და იგემოს მისი რჩეული ხილი!”
COMMENTS