იგავნი 3:9-10
პატივი მიაგე უფალს შენი ქონებით და მთელი შენი ჭირნახულის პირველნაყოფით, და გაივსება შენი ბეღლები ჭერამდე და მაჭარი აქაფდება შენს საწნახელებში.
გამოსვლა 23:10-11
ექვსი წელი თესე შენი მიწა და აიღე მოსავალი, ხოლო მეშვიდე წელს არ დაამუშაო, მიაგდე, რათა შენი ხალხის ღარიბ-ღატაკებმა ჭამონ ნაგერალი და ნარჩენით გამოიკვებნენ ველის ცხოველები. ასევე დატოვე შენი ვენახი და ზეთისხილი.
ლევიანნი 26:3-4
თუ ივლით ჩემი წესებით და ჩემს მცნებებს დაიცავთ და აღასრულებთ, მე მოგივლენთ წვიმებს დროულად და მიწა გამოიღებს მოსავალს, და ხე ბაღ-ვენახთა მოგცემთ თავის ნაყოფს,
მეორე რჯული 14:28-29
ყოველი მესამე წლის ბოლოს აიღე მეათედი ამ წლის მოსავლიდან და მიიტანე ქალაქის კარიბჭეებში. და მოვიდნენ ლევიანები (რადგან შენგან განსხვავებით, არ გააჩნია თავისი წილი და სამკვიდრო); მოვიდნენ ხიზნები, ქვრივ-ობლები, რომლებიც შენს კარიბჭეებში არიან, და ჭამონ მაძღრისად, რათა აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, შენი ხელის ყოველი საქმე, რასაც აკეთებ.
მეორე რჯული 16:13
იზეიმე კარვობის დღესასწაული შვიდ დღეს, როცა მორჩები კალოობასა და ყურძნის წურვას.
მალაქია 3:10-11
სრულად მოიტანეთ მეათედი საგანძურში რათა იყოს საკვები ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – თუ არ გაგიხსნათ ცათა სარკმელები და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად. შენთვის დავაკავებ მღრნელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ ვენახში ვაზი, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
ფსალმუნები 64:9-10
კეთილად იხსენებ მიწას და რწყავ, დიდად ამდიდრებ მას; ნაკადი ღვთისა სავსეა წყლით; აძლევ ადამიანებს პურს, რადგან ასე მოამზადე იგი. მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.
მეორე რჯული 28:1-8
და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მისი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს შენ უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხებზე მაღლა. და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და აღსრულდება, თუ მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას. კურთხეულიმც იყავ ქალაქში და კურთხეულიმც იყავ მინდვრად. კურთხეულიმც იყოს ნაყოფი მუცლისა შენისა და ნაყოფი შენი მიწისა, ნამატი შენი ცხვარ-ძროხისა. კურთხეულიმც იყოს შენი ბეღლები და შენი მარნები. კურთხეულიმც იყავ შინ შესული და კურთხეულიმც იყავ გარეთ გამოსული. დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან უკან. კურთხევით მოხედავს უფალი შენს ბეღლებსა და ყველა შენს საქმეს; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
ნეემია 10:35-37
და ჩვენ ვიკისრეთ ჩვენი მიწის პირველნაყოფისა და ყოველი ხეხილის პირველნაყოფის წლითიწლობით უფლის სახლში მიტანა, ასევე ჩვენი ძეებიდან პირმშოების, ჩვენი პირუტყვიდან პირველმოგებულებისა, როგორც რჯულში სწერია, და ჩვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულების მიყვანა მღვდლებთან, ღვთის სახლში რომ მსახურობენ. ასევე ჩვენი პირველი ცომისა, ჩვენი შესაწირავისა, ყველა ხეხილის ნაყოფისა, მაჭრისა და ზეთისა მღვდლებთან, ღვთის სახლის ოთახებში მიტანა. ასევე ჩვენი მიწიდან მეათედისა ლევიანთათვის; სწორედ ეს ლევიანები არიან, მეათედს რომ იღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.
საქმეები 14:17
თუმცა მოწმობის გარეშე არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დრო-ჟამს, გვასაზრდოებდა და სიხარულით გვივსებდა გულებს.“
იერემია 2:7
მე მოგიყვანეთ ნაყოფიერ მიწაზე, რათა გეჭამათ მისი ნაყოფი და მისი დოვლათი. თქვენ კი მოხვედით და შებილწეთ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამკვიდრებელი სისაძაგლედ აქციეთ.
ეზეკიელი 36:30
გავამრავლებ ხეზე ნაბამსა და მინდვრის მოსავალს, რათა აღარ დაითმინოთ შიმშილის სირცხვილი წარმართთა შორის.
იაკობის 5:17-18
ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა დედამიწაზე წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს. და კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი.