ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
იგავნი 20:1
ღვინო კაცს მასხარად აქცევს, მაგარი სასმელი – შფოთს ატეხინებს და მისით გზას აცდენილი უჭკუოა.
გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა. ესენია: გარყვნილება, უწმიდურება, თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, თავკერძოება, უთანხმოებანი, განხეთქილება, შური, ლოთობა, გაუმაძღრობა და ამათი მსგავსი. წინასწარ გეუბნებით, როგორც ადრეც მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
ლუკას 21:34-35
გაფრთხილდით, რომ არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და ყოველდღიური ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად, რადგან მახესავით ეწევა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე.
იგავნი 21:17
სიამეთა მოყვარული გაღატაკდება, ღვინისა და ფერ-უმარილის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
იგავნი 23:21
რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და ძილის მოყვარული ჩაიცვამს ძონძებს.
ესაია 28:7
მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და ფეხი ერევათ თაფლუჭისაგან. მღვდელიცა და წინასწარმეტყველიც ფეხზე ვეღარ დგანან მათრობელასგან, სძლიათ ღვინომ, გონება აურიათ თაფლუჭმა, ბანცალებენ ხილვებისას, ენა ებორკებათ განკითხვისას.
იგავნი 23:29-35
ვინ გმინავს? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უდანაშაულო ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ დადის. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეს, აზარფეშაში ნაპერწკლებს რომ ისვრის და მორაკრაკებს; შემდეგ კი გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს; შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით. იტყვი: „მცემდნენ და არ მტკიოდა, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდი; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებ სასმელს.“
ესაია 5:11-12
ვაი მათ, დილაადრიან სასმელს რომ ეძებენ და გვიან ღამემდე უსხედან – ღვინო აღაგზნებს მათ. და ქნარი და ებანი, დაფი და სტვირი, და ღვინოა მათ ნადიმებზე; და უფლის საქმეს არ უყურებენ, და მის ხელთა ქმნილებას ვერ ხედავენ.
ოსია 7:5
დღეს ჩვენი მეფის გვირგვინის კურთხევის დღეა! – ამბობენ ღვინით გახურებული მთავრები, მეფე კი მასხარებისაკენ იწვდის ხელს.
1 კორინთელთა 6:19-20
ანდა, განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები თქვენში დავანებული სულიწმიდის ტაძარია, რომელიც ღმერთისაგან გაქვთ, და რომ თქვენ თქვენს საკუთარ თავს არ ეკუთვნით? რადგან ფასით ხართ გამოსყიდულნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით!
რომაელთა 13:13-14
მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.