HomeUncategorized

გოდება იერემიასი 1

ძველი აღთქმა
გოდება იერემიასი

11 როგორ მარტოდ დამჯდარა ერთდროს ხალხმრავალი ქალაქი! შეიქნა როგორც ქვრივი ერთდროს უდიდესი ხალხთა შორის, ოლქებში მთავარი, დღეს მოხარკე გახდა. 2 მწარედ ტირის ის ღამით, და მისი ცრემლები მის ღაწვებზეა. არ არის მისთვის ნუგეშისმცემელი, ყველა მისმა მეგობარმა, ყველა მისმა მოყვასმა უღალატა მას, მტრად გაუხდა. 3 გადაიხვეწა იუდა ჩაგვრისა და დიდი ჯაფის გამო, დასახლდა ხალხებში, ვერ ჰპოვა სიმშვიდე, ყველა მისი მდევარი მისწვდა მას ვიწროებში. 4 სიონის გზები მგლოვიარეა, რადგან არავინაა ზეიმზე მომსვლელი. აოხრდა მისი ყველა ჭიშკარი, ხვნეშიან მისი მღვდლები, კვნესიან მისი ქალწულები და მასაც სიმწარე აქვს. 5 მისი შემჭირვებელნი თავში მოექცნენ, მისი მტრები არხეინობენ, რადგან უფალმა დაამწუხრა იგი მისი მრავალი დანაშაულის გამო, მისი ბავშვები ტყვეებად მიდიან მტრის წინ. 6 და გაეცალა სიონის ასულს მთელი ბრწყინვალება, მისი მთავარნი იმ ირმებივით არიან, საძოვარი რომ ვერ იპოვეს და ღონემიხდილნი გარბიან მდევრის წინ. 7 გაიხსენა იერუსალიმმა ჩაგვრისა და შეურაცხყოფის დღეებში ყველაფერი კარგი, რაც ჰქონდა მას ძველი დღეებიდან, როდესაც დაეცა მისი ერი მტრების ხელით და არ ჰყავდა მას მშველელი, და მისი მტრები იცინოდნენ მისი ნგრევისას. 8 ცოდვით შესცოდა იერუსალიმმა, ამის გამო იქცა უწმიდურად, ყველა მისმა პატივისმცემელმა შეიძულა ის, რადგან იხილეს მისი სიშიშვლე. თავადაც ხვნეშის და უკან ტრიალდება. 9 მისი ჭუჭყი მის კალთაზეა, არ გაიხსენა თავისი მომავალი და საოცრად დაეშვა ძირს, არა ჰყავს ნუგეშისმცემელი მას. „დაინახე, უფალო, ჩემი გასაჭირი, რადგან მედიდურობს მტერი.” 10 მტერმა გაიწვდინა თავისი ხელი მის ყველა საგანძურზე, რადგან დაინახა, რომ მის საკურთხეველში ხალხები შევიდნენ, რომლებზეც ბრძანე, რომ არ შესულიყვნენ შენს კრებულში. 11 მთელი მისი ერი ხვნეშის პურის ძებნაში, საჭმელში აძლევენ თავიანთ ძვირფასეულობებს სულის მოსაბრუნებლად! „დაინახე, უფალო, და შეხედე, რადგან დავმცირდი!” 12 ეს არაფერია თქვენთან, გზაზე გამვლელნო? შეხედეთ და დაინახეთ, თუ არის სატკივარი მსგავსი ჩემი სატკივარისა, რომელიც მეწია მე, რომლითაც დამამწუხრა მე უფალმა თავისი მძვინვარე რისხვის დღეს? 13 მაღლიდან გამოგზავნა ცეცხლი ჩემს ძვლებზე და მან სძლია მათ. მან გაუშალა ბადე ჩემს ფეხებს, უკან მიმაბრუნა, მიმცა მე აოხრებას და წუხილს დღე-ყოველ. 14 უღელი ჩემი დანაშაულისა დამძიმდა მისი ხელით, დაიწნა, ამოვიდა ჩემს კისერზე, დაასუსტა მან ჩემი ძალა, მიმცა უფალმა მათ ხელთ, არ შემიძლია წამოდგომა. 15 გათელა უფალმა ჩვენს შორის ყველა ძლიერი, მოუხმო ჩემს წინააღმდეგ კრებულს ჩემს ჭაბუკთა დასალეწად, როგორც საწნახელში, ისე დაწურა უფალმა ქალწული, იუდას ასული. 16 ამაზე ვტირი მე, ჩემი თვალები იღვრება ცრემლად, რადგან გამშორდა ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომბრუნებელი. მიტოვებულნი არიან ჩემი ძენი, რადგან გაიმარჯვა მტერმა. 17 გაიწვდინა სიონმა თავისი ხელნი – არავინ ჰყავს ნუგეშისმცემელი. უბრძანა უფალმა იაკობის მტრებს შემორტყმოდნენ მას; იერუსალიმი იქცა სისაძაგლედ მათ შორის. 18 სამართლიანია უფალი, რადგან ავუჯანყდი მას! მოისმინეთ, ყველა ხალხებო, და დაინახეთ ჩემი სატკივარი: ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი ტყვეობაში წავიდნენ. 19 ვუხმობდი ჩემს მოყვარულთ, მათ კი მომატყუეს მე, ჩემი მღვდლები და ჩემი უხუცესნი ქალაქში იხოცებოდნენ, როდესაც ეძებდნენ საჭმელს, რათა მოებრუნებინათ სული. 20 დაინახე, უფალო, რადგან მიჭირს მე, მიდუღს შიგნეული, ჩემი გული გადამიტრიალდა შიგნით, რადგან ვიურჩე მე: გარედან მახვილი მკლავს, სახლში სიკვდილივითაა. 21 გაიგონეს მათ, რომ ვხვნეში მე – არავინა მყავს ნუგეშისმცემელი. ყველა ჩემმა მტერმა გაიგო ჩემი უბედურება, გაიხარა, რომ შენ ჰქენი ეს. ნეტავ, მოგეყვანა დღე, რომელიც გამოცხადებული გაქვს, და ისინიც ჩემსავით იქნებოდნენ. 22 მოვიდეს მთელი მათი ბოროტება შენს წინაშე და მოექეცი მათ ისე, როგორც მე მომექეცი მთელი ჩემი ცოდვების გამო, რადგან გახშირდა ჩემი კვნესა და წუხს ჩემი გული.

იერემია                                                                                                                                                  თავი მეორე

COMMENTS