HomeUncategorized

გოდება იერემიასი 2

ძველი აღთქმა
გოდება იერემიასი
21 როგორ მოქუფრა უფალმა თავისი რისხვით სიონის ასული, ზეციდან მიწაზე დააგდო ისრაელის მშვენება და არ გაიხსენა თავისი კვარცხლბეკი თავისი რისხვის დღეს. 2 შეუბრალებლად მოსპო უფალმა იაკობის ყველა საცხოვრებელი, თავისი წყრომით დაანგრია იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწაზე დასცა, შებღალა სამეფო და მისი მთავარნი. 3 შემუსრა თავისი გულისწყრომის რისხვით ყოველი რქა ისრაელისა, მტრის წინ უკან დააბრუნა თავისი მარჯვენა და გააღვივა იაკობში, როგორც ცეცხლის ალი, ირგვლივ ყველაფრის შემჭმელი. 4 მოზიდა თავისი მშვილდი, როგორც მტერმა, აღმართულია მარჯვენა, როგორც მომხდურისა და დახოცა ყველა თვალის საამური, სიონის ასულის კარავში გადმოღვარა თავისი გულისწყრომა, როგორც ცეცხლი. 5 გახდა უფალი, როგორც მტერი, მოსპო ისრაელი, მოსპო მისი ყველა სასახლე, დაანგრია მისი ციხე-სიმაგრენი და გაამრავლა იუდას ასულის გლოვა და ტირილი. 6 ბაღივით გაძარცვა თავისი კარავი, ააოხრა თავისი შესაკრებელი ადგილი, დაავიწყა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, და მოიძულა თავისი წყრომის რისხვით მეფე და მთავარი. 7 მიატოვა უფალმა თავისი სამსხვერპლო, მოიძულა თავისი ტაძარი, მტრის ხელთ გადასცა თავის სასახლეთა გალავნები, ხმა გამოსცეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს. 8 განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, გაიწვდინა საბელი, არ შეაბრუნა ხელი მოსპობისაგან, და გლოვა დასცა მიწაყრილს და გალავანს, ერთად შეიმუსრენ ისინი. 9 მიწაში ჩაიძირნენ მისი კარიბჭენი, მოსპო და დალეწა მისი ურდულნი, გაფანტა მისი მეფე და მისი მთავარნი უცხო ხალხებში, არაა რჯული, ვერც მისი წინასწარმეტყველნი პოულობენ წინასწარხილვას უფლისაგან. 10 მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, მტვერი წაიყარეს თავზე, ძაძები შემოირტყეს; მიწისკენ დახარეს თავები იერუსალიმის ქალწულებმა. 11 დამებინდა ცრემლებით თვალები, ამიდუღდა სული, მიწაზე იღვრება ჩემი გული ჩემი ერის ასულის უბედურების გამო, როდესაც ბავშვებსა და ჩვილებს გული მისდით შიმშილით ქალაქის მოედნებზე. 12 ეტყვიან თავიანთ დედებს „სად არის პური და ღვინო?” როდესაც გული მისდით ქალაქის ქუჩებში ვით მძიმედ დაჭრილს, როცა სულს ღვრიან დედის მკერდზე. 13 რა დავამოწმო შენზე, ვის შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო, რადგან ზღვასავით დიდია შენი უბედურება? ვინ განგკურნავს შენ? 14 შენი წინასწარმეტყველნი შენთვის წინასწარ ხედავდნენ ამაოს და ტყუილს, და არ ამხელდნენ შენს ურჯულოებას, რათა მოებრუნებინათ შენი ტყვეობა და წინასწარ ხედავდნენ შენთვის ამაო და მაცდუნებელ განგებებს. 15 ტაშს უკრავდნენ გამვლელნი შენზე ყველა გზაზე, უსტვენდნენ და თავს აქნევდნენ იერუსალიმის ასულზე: „ნუთუ ეს არის ის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ: სრულყოფილი მშვენება და შვებაა მთელი ქვეყნისა?” 16 დააღო შენზე პირი ყველა შენმა მტერმა, უსტვენენ და კბილს აკრაჭუნებენ, ამბობენ: „გადავყლაპეთ ჩვენ იგი, ნამდვილად ეს დღეა, რომელსაც ველოდით, ვიპოვეთ, ვიხილეთ!” 17 აღასრულა უფალმა, რაც განიზრახა, აახდინა თავისი ნათქვამი, რომელიც ბრძანა ძველთაგანვე, დაანგრია და არ შეიბრალა, და გაახარა შენზე მტერი, აღამაღლა შენს მოწინააღმდეგეთა რქა. 18 მათი გული უფალს შეჰკივის, სიონის ასულის გალავანო, ჩამოადინე ცრემლები მდინარესავით დილით და ღამით; ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას, ნუ შეწყდება ცრემლი შენი თვალის გუგაზე. 19 ადექი, შეჰღაღადე ღამით საგუშაგოს დასაწყისში, წყალივით გადმოღვარე შენი გული უფლის წინაშე. მისკენ აღმართე შენი ხელები შენს ჩვილთა სიცოცხლისთვის, შიმშილისაგან სულს რომ ღაფავენ ყოველი ქუჩის თავში. 20 დაინახე, უფალო, და შეხედე, ვისთვის გააკეთე ასე? განა ყოფილა რომ ქალები ჭამდნენ ნაყოფს თავიანთი მუცლისას, ჩვილებს, მათ მიერ გამოზრდილთ? განა ყოფილა, რომ უფლის ტაძარში კლავდნენ მღვდელსა და წინასწარმეტყველს? 21 ქუჩებში წვანან ყმაწვილი და უხუცესი, ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად ამოხოცე. 22 როგორც დღესასწაულის დღეს, მოუხმე ყოველი მხრიდან ჩემს დამაფრთხობელთ და არ იყო უფლის რისხვის დღეს არც გაქცეული და გადარჩენილი. ვისაც სათუთად ვუვლიდი და გამოვზარდე, ჩემმა მტერმა გაანადგურა.
თავი პირველი                                                                                                                                      თავი მესამე

COMMENTS