ძველი აღთქმა
ესთერი
71 და ეწვივნენ მეფე და ჰამანი ესთერ დედოფალს სანადიმოდ. 2 და ჰკითხა მეფემ ესთერს მეორე დღესაც ღვინის სმის დროს: „რა არის შენი სათხოვარი, ესთერ დედოფალო? მოგეცემა! და რა არის შენი სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.” 3 და მიუგო ესთერ დედოფალმა და უთხრა: „თუ წყალობა მიპოვნია შენს თვალში, მეფეო, და თუ ინებებს მეფე, მომცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში. 4 რადგან გაყიდულნი ვართ ჩვენ – მე და ჩემი ერი – გასაწყვეტად, დასახოცად და დასაღუპად. მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, დავდუმდებოდი, მაგრამ მტერი ვერ ზღავს მეფის ზარალს. 5 და თქვა მეფე ახაშვეროშმა და ჰკითხა ესთერ დედოფალს: „ვინ არის იგი და სად არის, ვინც გაბედა ამის ჩადენა?” 6 და თქვა ესთერმა: „მოქიშპე და მტერია ეს ბოროტი ჰამანი!” ელდა ეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის წინაშე. 7 ადგა განრისხებული მეფე ნადიმიდან და გავიდა სასახლის ბაღში; ჰამანი კი დარჩა, რათა სიცოცხლის შენარჩუნება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისაგან, რადგან ხედავდა,რომ მისი დაღუპვა გადაწყვეტილი იყო მეფისაგან. 8 და როდესაც მეფე დაბრუნდა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში, ჰამანი იმ სარეცელზე დამხობილი დაუხვდა, რომელზეც ესთერი იყო. თქვა მეფემ: „დედოფალზეც ძალადობს ჩემთან სახლში?” სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და მაშინვე დაუფარეს სახე ჰამანს. 9 და ხარბონამ, ერთმა საჭურისთაგანმა, მეფის წინაშე განაცხადა: „აჰა, ჰამანის სახლში დგას ის ძელიც, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდექაის, მეფისთვის კეთილის მოლაპარაკეს, ორმოცდაათი წყრთა სიმაღლით.” და თქვა მეფემ: „ჩამოჰკიდეთ მასზე!” 10 და ჩამოჰკიდეს ჰამანი იმ ძელზე, მორდექაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული და დაცხრა მეფის რისხვა.
COMMENTS