ძველი აღთქმა
ესთერი
21 ამ ამბების შემდეგ, როდესაც დაცხრა მეფე ახაშვეროშის რისხვა, გაიხსენა მან ვაშთი და ის, რაც მან ჩაიდინა და, რაც მასზე გადაწყდა. 2 და თქვეს მეფის მხლებლებმა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას: „მოუძებნონ მეფეს ლამაზი და ნორჩი ქალწულები. 3 და დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რომ თავი მოუყარონ ყველა ლამაზსა და ნორჩ ქალწულს შუშანში, სატახტოში, სადიაცო სახლში და ჩააბარონ ჰეგაის, მეფის საჭურისს, ქალთა მცველს, და მიეცეთ მათ თავიანთი ფერუმარილი. 4 და იმ ყმაწვილქალმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად!” და მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა. 5 იყო ერთი იუდაელი კაცი შუშანში, სატახტო ქალაქში, სახელად მორდექაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი, 6 რომელიც გადასახლებულ იქნა იერუსალიმიდან იმ ტყვეებთან ერთად, რომელნიც გადასახლებული იყვნენ იუდას მეფე იექონიასთან ერთად, რომელიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადაასახლა. 7 და იგი იყო გამდელი ჰადასასი ანუ ესთერისა, თავისი ბიძაშვილისა, რადგან არ ჰყავდა მას არც მამა და არც დედა. ეს ყმაწვილქალი, ტანადი და პირმშვენიერი იყო და როცა დედ-მამა დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა. 8 როცა მეფის ბრძანება და განკარგულება გამოცხადდა და თავი მოუყარეს მრავალ ყმაწვილქალს შუშანში, სატახტო ქალაქში, და ჩააბარეს ჰეგაის. მაშინ ესთერიც წაიყვანეს მეფის სახლში და ჩააბარეს ქალთა მცველს. 9 ყმაწვილქალი მოეწონა მას და მადლი ჰპოვა მის წინაშე. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის კუთვნილი ფერუმარილი და მისი წილი საზრდო, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და გადაიყვანა ის და მისი მხევლები სადიაცო სახლის საუკეთესო სამყოფელში. 10 ესთერს არ გაუმხელია თავისი ერი და თავისი სამშობლო, რადგან იგი მორდექაის ჰყავდა დარიგებული, რომ არ ეთქვა. 11 და ყოველდღე დადიოდა მორდექაი სადიაცო სახლის ეზოს წინ, რათა გაეგო, როგორ იყო ესთერი და რა ხდებოდა მის თავს. 12 როცა მოუწევდა ყოველ ყმაწვილქალს რიგი მეფე ახაშვეროშთან შესასვლელად, თორმეტი თვის ბოლოს, როგორც დაწესებული იყო ქალებისათვის, რადგან ასე სრულდებოდა მათი დაზელვის დღეები: ექვსი თვე სურნელის ზეთით და ექვსი თვე ნელსაცხებლებით და სხვადასხვა სადიაცო ფერუმარილით, 13 მიდიოდა ყმაწვილქალი მეფესთან და ყველაფერს, რისი წაღებაც არ უნდა ეთხოვა მას, ატანდნენ ხოლმე სადიაცო სახლიდან მეფის სახლში. 14 საღამოს შედიოდა ის და დილით ბრუნდებოდა მეორე სადიაცო სახლში შაყაშგაზის, მეფის საჭურისის, ხარჭათა მცველის, ხელქვეით; ვერ შევიდოდა ის მეფესთან მეტჯერ, თუ მეფე არ ისურვებდა მას და არ დაუძახებდა სახელდებით. 15 და როდესაც ესთერს, მორდექაის ბიძის აბიხაილის ასულს, რომელიც მორდექაის ჰყავდა ნაშვილები, მეფესთან შესვლის რიგმა მოუწია, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც მეფის საჭურისმა, ქალთა მცველმა ჰეგაიმ ურჩია. და ესთერმა წყალობა ჰპოვა ყველა მისი მნახველის თვალში. 16 და მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს. 17 და ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და მან წყალობა და მადლი ჰპოვა მის წინაშე ყველა ქალწულზე მეტად. და დაადგა მან თავზე სამეფო გვირგვინი და გაადედოფლა იგი ვაშთის ნაცვლად. 18 და გამართა მეფემ დიდი ნადიმი, ესთერის ნადიმი, ყველა თავისი მთავრისთვის და მსახურისთვის, და შეუმსუბუქა გადასახადები სამთავროებს, და გასცა საჩუქარები მეფური სიუხვით. 19 და როდესაც მეორედ მოუყარეს თავი ქალწულებს, მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი. 20 ესთერი ჯერ კიდევ არ ამხელდა თავის სამშობლოს და ერს, როგორც მორდექაის ჰყავდა დარიგებული; და მორდექაის სიტყვას ესთერი ისევე ასრულებდა, როგორც მაშინ, როდესაც მის მეურვეობაში იყო. 21 და იმ დღეებში, როდესაც მორდექაი მეფის კარიბჭესთან იჯდა, ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები, გაჯავრდნენ და განიზრახეს მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა. 22 შეიტყო ეს ამბავი მორდექაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ესთერმა კი მეფეს მოახსენა მორდაქაის სახელით. 23 და გამოძიებულ იქნა ეს საქმე და დადასტურდა, და ორივენი ხეზე ჩამოჰკიდეს. და ჩაიწერა ეს მატიანის წიგნში მეფის წინაშე.