HomeUncategorized

ესთერი 6

ძველი აღთქმა
ესთერი
61 იმ ღამეს ძილი გაუკრთა მეფეს. და მოატანინა სამახსოვრო წიგნი – მატიანეები – და წაკითხულ იქნა მეფის წინაშე. 2 და აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ჰყავდა ნამხილები მორდექაის ბიგთანა და თერეში, მეფის ის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები, რომელთაც განზრახული ჰქონდათ მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა. 3 და ბრძანა მეფემ: „რა პატივი და დიდება მიაგეს მორდექაის ამისათვის?” და მოახსენეს მეფეს მისმა მსახურებმა: „არაფერი მიუგიათ მისთვის.” 4 და იკითხა მეფემ: „ვინ არის ეზოში?” და ჰამანი მოსულიყო მეფისათვის იმის სათქმელად, რომ ჩამოეხრჩოთ მორდექაი მისთვის გამზადებულ ძელზე. 5 და მოახსენეს მეფის მსახურებმა მას: „აი, ჰამანი დგას ეზოში.” და ბრძანა მეფემ: „შემოვიდეს.” 6 და შევიდა ჰამანი, და ჰკითხა მას მეფემ: „რა ვუყოთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს?” და თქვა ჰამანმა თავის გულში: „ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი?” 7 და უთხრა ჰამანმა მეფეს: „კაცს, ვისი პატივისცემასაც მეფეს სურს, 8 მიართვან სამეფო მოსასხამი, რომელიც ემოსა მეფეს, და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როდესაც სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე. 9 და ხელში მისცენ მოსასხამი და ცხენი მეფის ყველაზე დიდებულ მთავარს; შემოსონ ის კაცი, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს; გაატარონ ცხენით ქალაქის მოედანზე და დაიძახონ მის წინაშე: „ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს!” 10 და უბრძანა მეფემ ჰამანს: „ჩქარა, აიღე მოსასხამი და ცხენი, როგორც შენ თქვი და მოექეცი ასე მორდექაის, იუდაელს, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლო შენს ნათქვამს.” 11 და აიღო ჰამანმა მოსასხამი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ცხენით გაიყვანა ქალაქის მოედანზე და დაიძახა მის წინაშე: „ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს.” 12 და დაბრუნდა მორდექაი მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი გაეშურა შინისაკენ, დამწუხრებული და თავდაბურული. 13 და უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს და ყველა თავის მეგობარს, ყველაფერი, რაც მას შეემთხვა. და უთხრეს მას მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: „თუ მორდექაი, რომლის გამოც ემხობი, იუდაელთა მოდგმისაა, მაშინ ვერ დასძლევ მას, უსათუოდ დაემხობი მის წინაშე.” 14 როდესაც ჯერ კიდევ ელაპარაკებოდნენ, მოვიდნენ მეფის საჭურისები და დააჩქარეს ჰამანი, წასულიყო ესთერის მომზადებულ ნადიმზე.
თავი მეხუთე                                                                                                                                        თავი მეშვიდე

COMMENTS