ესთერი 3

ივნისი 10, 2015
ძველი აღთქმა
ესთერი
31 ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა განადიდა ჰამანი, ჰამედათა აგაგელის ძე, აღაზევა იგი და დაუდგა სავარძელი ყველა იმ მთავარზე მაღლა, ვინც კი ჰყავდა. 2 და მეფის ყველა მსახური, ვინც კი მეფის კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასე ჰქონდა მეფეს მასზე ნაბრძანები. მორდექაი კი არც უჩოქებდა და არც თაყვანს სცემდა. 3 და ეუბნებოდნენ მორდექაის მეფის მსახურნი, რომელნიც მეფის კარიბჭესთან იყვნენ: „მეფის ბრძანებას რატომ არ ემორჩილები?” 4 დღითიდღე რომ ეუბნებოდნენ და ყურს არ უგდებდა მათ, ჰამანს მიუტანეს ამბავი, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა თავის სიტყვაზე მორდექაი, რადგან მას ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდაელი იყო. 5 და დაინახა ჰამანმა, რომ მორდექაი არ უჩოქებს და არ სცემს თაყვანს მას, და აღივსო ჰამანი რისხვით. 6 ითაკილა მარტო მორდექაიზე აღემართა ხელი, რადგან მისთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომელ ერს ეკუთვნოდა მორდექაი. გადაწყვიტა ჰამანმა გაენადგურებინა მთელი იუდაელობა, მორდექაის ერი, ახაშვეროშის მთელ სამეფოში. 7 და პირველ თვეში, რომელიც არის თვე ნისანისა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ჰყრიდნენ „ფურს”, ანუ წილს დღითიდღე და თვიდან თვემდე, მეთორმეტე თვემდე, რომელიც არის თვე ადარისა. 8 და უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: „არის ერთი ხალხი განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისაგან, და არ ასრულებენ მეფის კანონებს, და არ შეშვენის მეფეს მათი დატოვება. 9 თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. ათი ათას ტალანტ ვერცხლს მივუწონი ხელში მეფის მოურავებს, რათა მეფის საგანძურებში შეიტანონ.” 10 და წაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ის ჰამანს, ჰამედათა აგაგელის ძეს, იუდაელთა მტერს. 11 და უთხრა მეფემ ჰამანს: „ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოიქეცი, როგორც შენ გენებოს.” 12 და მოუხმეს მეფის მწერლებს პირველი თვის მეცამეტე დღეს და ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს და სამთავროთა განმგებლებს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და დაიბეჭდა მეფის ბეჭდით. 13 და დაუგზავნეს წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროს, რათა გაეწყვიტათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე; ბალღები და ქალები ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც არის თვე ადარისა და დაეტაცათ მათი ქონება. 14 ბრძანების პირი, როგორც კანონი, უნდა დაეგზავნათ ყველა სამთავროში, რათა მზად ყოფილიყვნენ ამ დღისათვის. 15 მალემსრბოლებმა სწრაფად წაიღეს მეფის ბრძანება და გაცემულ იქნა ბრძანება შუშანში, სატახტო ქალაქში; და დასხდნენ სმად მეფე და ჰამანი; შუშან-ქალაქი კი დაბნეულობას მოეცვა.
თავი მეორე                                                                                                                                             თავი მეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close