ძველი აღთქმა
ესთერი
41 და მორდექაიმ შეიტყო ყველაფერი, რაც მოხდა და შემოიხია სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო, თავზე ნაცარი დაიყარა; შუაგულ ქალაქში გავიდა და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა. 2 და მივიდა მეფის კარიბჭემდე, რადგან არ შეიძლებოდა მეფის კარიბჭეში ჯვალოთი შესვლა. 3 ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და განკარგულება მივიდა, დიდი გლოვა, მარხვა, გოდება და ქვითინი ჰქონდათ; ბევრს ქვეშ ძაძა და ნაცარი ეგო. 4 და მივიდნენ ესთერის მხევლები და მისი საჭურისები და მოახსენეს მას ეს ამბავი. დიდად შეძრწუნდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მორდექაი და გაეხადა ჯვალო, მაგრამ მან არ მიიღო. 5 და მოუხმო ესთერმა ჰათაქს, მეფის საჭურისს, რომელიც მეფეს ჰყავდა მიჩენილი მისთვის, და უბრძანა, წასულიყო მორდექაისთან და გაეგო, რა იყო ეს და რის გამო. 6 და გავიდა ჰათაქი მორდექაისთან, ქალაქის მოედანზე, მეფის კარიბჭის წინ. 7 და მოახსენა მას მორდექაიმ ყოველივე, რაც შეემთხვა და ვერცხლის ზუსტი თანხის ამბავი, რომლის მეფის საგანძურებში შეტანაც აღთქმული ჰქონდა ჰამანს იუდაელთა მოსასპობად. 8 და გადასცა პირი დაწერილი განკარგულებისა, შუშანში რომ იყო გამოსული მათ ამოსაწყვეტად, რათა ეჩვენებინა იგი ესთერისათვის, ეუწყებინა მისთვის და ებრძანებინა, რომ მისულიყო მეფესთან, შევედრებოდა მას და წყალობა გამოეთხოვა მისგან თავისი ერისთვის. 9 და მივიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მორდექაის ნათქვამი. 10 და უთხრა ესთერმა ჰათაქს და მორდექაისთან დააბარა: 11 „მეფის ყველა მსახურმა და მეფის სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველი კაცისთვის თუ ქალისთვის, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი კანონია – სიკვდილი, მხოლოდ ის გადარჩება, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე ოცდაათი დღეა, რაც მეფესთან მისასვლელად არ ვყოფილვარ დაძახებული.” 12 და მიუტანეს მორდექაის ესთერის ნათქვამი. 13 და მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ შეუთვალა: „არ გეგონოს, მეფის სახლიდან მხოლოდ შენ გადარჩე იუდაელთაგან, 14 რადგან ახლა თუ დადუმდები, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა, შენ და შენი მამის სახლი კი დაიღუპებით. ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისათვის ეწიე შენ დედოფლობას?” 15 მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის: 16 „წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელ იუდაელობას და იმარხულეთ ჩემთვის; და ნუ ჭამთ და ნუ სვამთ სამ დღეს, ნურც ღამით და ნურც დღისით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად; ასე წავალ მეფესთან, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება. და, თუ დავიღუპები, დავიღუპო!” 17 და წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაარიგა.
COMMENTS