ძველი აღთქმა
ამოსი
81 ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოწეული ხილით სავსე კალათა. 2 მითხრა: „რას ხედავ, ამოს?” ვთქვი: „მოწეული ხილით სავსე კალათას.” მითხრა უფალმა: „მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ. 3 მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს”, – ამბობს უფალი ღმერთი, – „უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრილი უხმოდ.” 4 ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა მშთანმთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო; 5 რომ ამბობთ: „როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით, 6 ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატაკნი, პურის განაცხრილი კი გავყიდოთ?” 7 დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება, „თუკი ოდესმე დავივიწყო ერთი მათი ნამოქმედარიც კი. 8 ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? აიწევს ერთიანად მდინარესავით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით. 9 „იმ დღეს იქნება,” – ამბობს უფალი ღმერთი, – „რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას. 10 დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო! 11 აჰა, დგება დღეები” – ამბობს უფალი ღმერთი, – „როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას. 12 იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ. 13 ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისაგან. 14 სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: ‘ცოცხალია შენი ღმერთი, დანო, ცოცხალია, ბეერ-შებაყის გზაო,’ დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.”