HomeUncategorized

2 ნეშტთა 18

ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
181 უხვად ჰქონდა დოვლათი და პატივი იოშაფატს, და დაუმოყვრდა იგი ახაბს. 2 რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა ახაბთან სამარიაში და უამრავი ცხვარ-ძროხა დაუკლა ახაბმა მას და იმ ხალხს, თან რომ ახლდა. და დაიყოლია გილყადის რამოთში ლაშქრობაზე. 3 და უთხრა ახაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: „წამომყვები გილყადის რამოთზე?” და უთხრა: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? შენთან ვარ ომში.” 4 და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „აბა, დაეკითხე დღეს, რას იტყვის უფალი.” 5 და შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი –ოთხასამდე კაცი და უთხრა მათ: „გავილაშქროთ გილყადის რამოთზე, თუ თავი შევიკავოთ?” უთხრეს: „გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში მათ თავს ღმერთი.” 6 და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხო?” 7 უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. ის არის მიქაიეჰუ იმლას ძე.” თქვა იოშაფატმა: „ნუ ამბობს ასე მეფე.” 8 და უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაიეჰუ იმლას ძე.” 9 ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში, კალოზე, სამარიის კარიბჭესთან და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე. 10 და გაიკეთა ციდკიაჰუ ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.’” 11 ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: „მიუხდი გილყადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.” 12 ასე ეუბნებოდა მიქაიეჰუს მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: „აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი, შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.” 13 და თქვა მიქაიეჰუმ : „უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს.” 14 და მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: „მიქაიეჰუ! გავილაშქროთ გილყადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?” თქვა: „გაილაშქრე და გაიმარჯვებ, თქვენს ხელში ჩაცვივდებიან.” 15 და უთხრა მეფემ: „რამდენჯერღა უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?” 16 და უთხრა: „ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მთებზე მიმოფანტული, და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ მათ, დაე მშვიდობით დაუბრუნდნენ თავ-თავის სახლებს!’” 17 და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: “ხომ გეუბნებოდი სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.” 18 და თქვა: “აბა, ისმინეთ უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი, და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ. 19 და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გილყადის რამოთს?’ ერთი ერთს ამბობდა, მეორე –სხვას. 20 და გამოვიდა სული, და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ და უთხრა უფალმა: ‘რითი?’ 21 და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მის წინასწარმეტყველთა ბაგეებში.’ და თქვა უფალმა: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.’ 22 აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.” 23 მიეჭრა ციდკიაჰუ ქენაყანას ძე და სილა გააწნა მიქაიეჰუს, და უთხრა: „როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სიტყვამ და შენში მეტყველებს?” 24 და თქვა მიქაიეჰუმ: “მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.” 25 და თქვა ისრაელის მეფემ: „შეიპყარით მიქაიეჰუ და მიჰგვარეთ ამონს, ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს. 26 და უთხარით: ასე ამბობს-თქო მეფე: ‘დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.’” 27 და თქვა მიქაიეჰუმ: „თუ მშვიდობით მობრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით.” და თქვა: „ისმინეთ, ყველამ, ხალხნო!” 28 და წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გილყადის რამოთზე. 29 და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ისე გავალ საომრად. ჩაიცვი შენი სამოსელი.” და გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდნენ საბრძოლველად. 30 არამის მეფემ უბრძანა ეტლების მეთაურებს, ვინც ჰყავდა: „ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.” 31 და როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. და შეღაღადა იოშაფატმა და უფალი შეეწია – ღმერთმა მოაშორა მას მომხდურნი. 32 და როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას. 33 ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. და უთხრა თავის მეეტლეს: „გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.” 34 და გახურდა ომი იმ დღეს და დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ საღამომდე და მოკვდა მზის ჩასვლისას.
თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                              თავი მეცხრამეტე

COMMENTS