2 ნეშტთა 13

ივნისი 12, 2015
ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
131 იერობყამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე. 2 სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, დედამისი იყო მიქაიაჰუ, ურიელის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობყამს შორის. 3 აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობყამი კი მათ წინააღმდეგ საომრად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი მეომრით გამოვიდა. 4 და დადგა აბია ცემარაიმის მწვერვალზე, ეფრემის მთებში რომ არის, და თქვა: „მისმინეთ, იერობყამ და მთელო ისრაელო! 5 განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე საუკუნოდ? 6 და მაინც აღდგა იერობყამ ნაბატის ძე, სოლომონის, დავითის ძის, მსახური, და გაილაშქრა თავისი ბატონის წინააღმდეგ. 7 და შემოიკრიბა თავის ირგვლივ უღირსი, უგვანი ხალხი, და გამაგრდნენ რეხაბყამ სოლომონის ძის წინააღმდეგ. რეხაბყამი ყმაწვილი იყო და გულმხდალი, ამიტომ ვერ გაუძლო მათ. 8 ახლა თქვენ ფიქრობთ, გაუმკლავდეთ უფლის სამეფოს, რომელიც დავითის ძეთა ხელშია? თქვენ ჩვენზე ბევრად მეტნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბორები, იერობყამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ. 9 განა თქვენ არ გამორეკეთ უფლის მღვდლები – აარონის ძენი და ლევიანები? განა თქვენ არ იყავით, რომ მღვდლები სხვა ქვეყნების ხალხთა მსგავსად გაიჩინეთ? ყველა, ვინც თავის საკურთხებლად მოდის მოზვრითა და შვიდი ბატკნით, ცრუღმერთის მღვდელი ხდება. 10 ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი, გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები საქმეზე დგანან. 11 დილა-საღამოობით უფლისთვის სრულადდასაწველს აღავლენენ,სურნელებას აკმევენ, საწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეებზე, ღამ-ღამობით რომ ენთონ, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის, მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი. 12 აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მჭექარე საყვირები თქვენს წინააღმდეგ დასაყვირებლად, ისრაელის ძენო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამების ღმერთთან, ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი.” 13 ამასობაში იერობყამმა უკან ჩაუსაფრა ხალხი; თვით იუდაელთა წინ იყვნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ. 14 თვალი მოავლო იუდამ, და აჰა, წინიდან და უკნიდან ომია გაჩაღებული. მაშინ მოუხმეს მათ უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს. 15 შეჰღაღადეს იუდაელებმა. და როდესაც იუდაელებმა შეჰღაღადეს, ღმერთმა დაამარცხა იერობყამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე. 16 და გაექცნენ ისრაელის ძეები იუდას, მაგრამ ღმერთმა მათ ხელში ჩაყარა ისინი. 17 და სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით, ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან. 18 და მოდრკნენ ისრაელის ძენი, მაშინ იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს. 19 და გაედევნა აბია იერობყამს და წაართვა ქალაქები: ბეთელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრონი თავისი დაბებით. 20 და ვეღარ მოიკრიბა იერობყამმა ძალა აბიაჰუს დღეებში, და დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი. 21 აბიაჰუ კი განმტკიცდა და თოთხმეტი ცოლი შეირთო. და შეეძინა ოცდაორი ვაჟი და თექვსმეტი ქალი. 22 აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში.
თავი მეთორმეტე                                                                                                                            თავი მეთოთხმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close