მათეს 6:9-13
თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა; პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს; და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
ლუკას 11:2-4
უთხრა მათ: „როცა ლოცულობთ, თქვით – მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე. და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”.
მათეს 6:14-15
ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
მათეს 6:31-32
მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო? რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
მათეს 7:9-11
არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
მათეს 7:21
ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს.
მათეს 16:17
იესომ პასუხად უთხრა: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.
ლუკას 10:21
იმ დროს გაიხარა სულში იესომ და თქვა: „გმადლობ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რომ ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ეს და ჩვილებს გამოუცხადე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენ წინაშე.
ეფესელთა 3:14-15
ამისთვის ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე, ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და დედამიწაზე,
კოლოსელთა 1:9
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,
ებრაელთა 10:9
იქვე დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”. ამრიგად, იგი აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.
კოლოსელთა 3:13
შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.
1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
გამოცხადება 3:10
რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.